“ტოტენჰემისა” და საფრანგეთის ნაკრების 26 წლის მეკარე უგო ლორისი ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისში ჩამოსულ სტუმართა შორის. ოთხშაბათ საღამოს “ტოტენჰემმა” “დინამო არენაზე” ივარჯიშა და ფრანგმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი მაღალი ოსტატობა, შემდეგ კი, იქვე კლუბის ტელევიზიას – SPURS TV-ის სახელდახელო კომენტარი მისცა: “სტუმრად თამაში იოლი ნამდვილად არ იქნება. “დინამოს” ჩემპიონთა და ევროპის ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს (აქ რას გულისხმობს ცოტა გაუგებარია – რედ), - ამბობს ლორისი, - შარშან მათ კარგი სეზონი ჰქონდათ, დუბლი შეასრულეს. ხუთშაბათს საკუთარი მაყურებლის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელით და ვფიქრობ, კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. ვიმედოვნებ, ჩვენ გავიმარჯვებთ.
მალე აქ საფრაგეთის ნაკრებთან ერთად დავბრუნდები, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრის სათამაშოდ და მგონია, რომ ისიც ძალიან რთული შეხვედრა იქნება.”
შეგახსენებთ, რომ ლორისი ამჟამად საფრანგეთის ნაკრების კაპიტანია.