საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნით ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში დათმო და ხვალ IX ადგილისთვის იბრძოლებს. მისი მომავალი მეტოქის ვინაობა დაახლოებით ორ საათში გაირკვევა.
ინგლისთან 4 ლელოთი 0:22 და ბელგიასთან ჯარიმით 14:17 მარცხის შემდეგ, ქართველ მორაგბეებს უელსის რაც შეიძლება დიდი სხვაობით დამარცხება მართებდათ და დასაწყისიც კარგი გამოდგა. ლევან გოგოლაშვილმა მარჯვენა ფლანგზე მეტოქეებთან ჭიდილში მნიშვნელოვანი მანძილი მოიგო, მარცხნიდან გიორგი ფრუიძემ კარგად დაარტყა, იერიში კვლავ მარჯვნივ რომ გაიშალა, ირაკლი გეგენავამ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა.
ამის შემდეგ უპირატესობა უელსის მხარეს გადავიდა და ტაიმი 5:12 დასრულდა. მეორე ტაიმი “დრაკონებმა” კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩაატარეს, 4 ლელო გაიტანეს და 38:5 მოგებით საქართველო 8 საუკეთესო გუნდს მიღმა დატოვეს. ხვალ კახა ალანიას შეგირდები ორ თამაშს გამართავენ.
საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ტურნირზე: ზურაბ ძნელაძე, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე ხუციშვილი, ირაკლი გეგენავა, ბიძინა სამხარაძე, შავლეგ მახარაშვილი, ბახვა კობახიძე, რამაზ ხარაზიშვილი, იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ლევან გოგოლაშვილი.