“მანჩესტერ იუნაიტედმა” მიმდინარე პრემიერლიგის დასრულებამდე გაინაღდა მორიგი საჩემპიონო ტიტული, მისი ფორვარდი უეინ რუნი კი მეხუთედ გახდა ინგლისის პირველობის გამარჯვებული. მართალია, უეინს წლეულს ბევრი შეხვედრა ტრავმათა გამო გაუცდა, თუმცა, იგი მაინც მანკუნიანელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბრისას რუნი ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონს აჯამებს და სამომავლოდაც ოპტიმისტურადაა განწყობილი.
- მთლიანობაში რა შეფასებას მისცემდით მიმდინარე სეზონს?
- განსაკუთრებით საინტერესო მისი პირველი ნახევარი გახლდათ. შეზონის ამ მონაკვეთში ბევრი “ქამბექები” და უკომპრომისო ბრძოლა იყო. მთლიანობაში კი 2012-13 საფეხბურთო წელიწადს დადებითად შევაფასებდი. პრაქტიკულად ჩემპიონატის ყველა მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა და ბევრი მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა. ამგვარი რამ მაყურებელს და გულშემატკივარს ძალიან მოსწონს. კარგია, შეხვედრების მსვლელობა საფეხბურთო ბატალიას რომ მოგვაგონებს. ჩვენი ჩემპიონობა კი იმით აიხსნება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის ყველაზე სტაბილური გუნდია. თუკი სხვები რამდენიმე მატჩს მოიგებდნენ და შემდეგ წარუმატებელ სერიას მიაყოლებდნენ, ჩვენ ასპარეზობათა უმრავლესობა მოვიგეთ. ეს გუნდის სტაბილურობას უსვამს ხაზს. ამასთან, მიღწეულს არ დავჯერდებით და შემდგომი წინსვლისთვის ვიზრუნებთ.
- პირადად თქვენთვის რით იყო გამორჩეული ეს სეზონი?
- სამწუხაროდ ტრავმებმა შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ მომცა. ამის გამო სეზონი ჩემთვის სრულყოფილი არ გამოდგა, რაზეც გული მწყდება. მიუხედავად იმისა, მთავარი საწადელი რომ ავისრულეთ და ჩემპიონები ვართ, პირველობის ბოლომდე მაინც მოტივირებულად ვითამაშებ და გუნდს ახალი წარმატებების მიღწევაში დავეხმარები.
- სერ ალექს ფერგიუსონმა რამდენიმე პოზიციაზე გამოგცადათ, მათ შორის ცენტრალური ნახევარმცველის რომბის წვეროზე, შეტევის ფლანგზე და ერთადერთ თავდამსხმელად. ამგვარი პერტურბაციებით კმაყოფილი ხართ?
- ყოველგვარი ახალი გამოცდილება სასარგებლოა, ამიტომაც კმაყოფილი ვარ. ძირითადად ნახევარდაცვის მთელ ფრონტზე ვმოქმედებდი და წინა ხაზზეც გახლდით წაწეული. ეს სხვადასხვა თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. მზად ვარ იმ პოზიციაზე ვითამაშო, რომელზეც მწვრთნელი მიმითითებს და გუნდისთვის სარგებლობის მოტანას შევძლებ.
- წინ ახალი საკარიერო მიჯნის გადალახვა გელით. ოფიციალურ დონეზე 400 მატჩის ჩატარება და 200 გოლის გატანა მნიშვნელოვანი ზღურბლია.
- განსაკუთრებით 200 გოლთან მიახლოება მახარებს. იმედია, ამას მიმდინარე სეზონის დამთავრებამდე მოვახერხებ.
- როგორ გგონიათ, პარტნიორებისთვის ავტორიტეტული ადამიანი ხართ?
- ყოველთვის ვცდილობ ახალგაზრდებს გვერდით დავუდგე და ის გამოცდილება გავუზიარო, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. კარგად მახსოვს კარიერის დასაწყისში, რა დახმარებას მიწევდნენ ასაკოვანი მოთამაშეები, ამიტომაც ანალოგიური მსურს მეც გავაკეთო. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ბევრი რამ არ იციან და მსურს მათ დახმარების ხელი გავუწოდო. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ისინი შემდგომ თაობას დაეხმარებიან.
- სეზონის წინ “არსენალიდან” გადმოსულმა რობინ ვან პერსიმ რა შთაბეჭდილება დატოვა?
- რობინი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მან ბევრი გოლი გაიტანა და ჩვენ გუნდთან ადაპტაციის პროცესიც სწრაფად გაიარა. ვან პერსისთან პარტნიორობა ძალიან მსიამოვნებს. იგი კარგად იჭერს ბურთს, სწრაფად გადაადგილდება და მეტოქეთა მცველთათვის საშიშ მანევრირებას ასრულებს. როდესაც ვან პერსიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა, ყველანი კმაყოფილები ვიყავით, რადგანაც ეჭვი არ გვეპარებოდა, ჰოლანდიელი ჩვენ თამაშს რომ გააძლიერებდა. ასეც მოხდა. რობინი კარგად შეერწყა კოლექტივს – ჩვენთან ხომ ნებისმიერ ახალწვეულს გულღიად იღებენ და ვან პერსიც არაა გამონაკლისი. მან ყველასთან კარგი ურთიერთობა დაამყარა.
- დღევანდელი “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდია. როგორ გგონიათ, რა სახეს მიიღებს თქვენი გუნდის თამაში მას შემდეგ, რაც კლუბს ვეტერანები დატოვებენ?
- წლევანდელი წარმატება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს საჩემპიონო ტიტული მორიგი ტრიუმფების საწინდარი გახდება. როგორც კი ახალგაზრდები თავიანთ პირველ ოქროს მედალს მოიგებენ, სამომავლოდაც ახალ-ახალი წარმატებების ჟინი გაუჩნდებათ.