ფეხბურთი

22:46 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფას სუპერთასის სამზადისი – მორიგი საორგანიზაციო ვიზიტი

 

თბილისში, უეფას სუპერთასის ჩატარებამდე ერთი წელია დარჩენილი, თუმცა უეფასა და სფფ-ის მიერ ამ ღონისძიების ორგანიზებაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. პირველი სამუშაო ვიზიტით ამ თემაზე თბილისს უეფას დელეგაცია გასული წლის ნოემბერში ეწვია. განმეორებითი ვიზიტი 24-27 ივნისს შედგა და უფრო აქტიური სამუშაო ფაზის დაწყებაც დაანონსდა.

თბილისს უეფას სუპერ თასის საორგანიზაციოდ 4-კაციანი დელეგაცია ეწვია. ჯგუფში უეფას ღონისძიებათა მენეჯერი - ბო სანდსტრომი, ღონისძიებათა კოორდინატორი - ჯონათან ატკინსონი, სატელევიზიო და მედია  უზრუნველყოფის მენეჯერი - ენდრიუ სკოტი და ტექნიკური სერვისების მენეჯერი - კრისტიან ჰირშმიულერი შევიდნენ.

სამუშაო ჯგუფმა სამი დღის განმავლობაში დაწვრილებით შეისწავლა არა მარტო სტადიონის ინფრასტრუქტურა, არსებული ვითარება და პრობლემები, არამედ განსაზღვრა კიდეც მათი გადაჭრის გეგმა. ყველა მიმართულებით უეფას ექსპერტების მიერ დაიდო შესაბამისი რეკომენდაციების ნუსხა, რომლის განხორციელებაც აუცილებელია სტადიონის მიერ ამ რანგის საფეხბურთო ღონისძიების სამასპინძლოდ.

სტადიონის და მასთან ახლოს მდებარე ინფრასტრუქტურის შესწავლის გარდა, უეფას დელეგაციის ამოცანას წარმოადგენდა ქალაქის მზაობის შემოწმება და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონახულება მომავალში გულშემატკივართა შეკრების ადგილების განსაზღვრის მიზნით.

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელებთან, რომელთაც უეფას სრული მზადყოფნა აღუთქვეს ამ  მასშტაბის ღონისძიების მასპინსძლობის საქმეში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სუპერთასში მონაწილე კლუბების გულშემატკივართა დიდი ჯგუფები სწორედ საჰაერო გზით ჩამოვლენ თბილისში, წინასწარი ვარაუდით 6000 ვიზიტორი გულშემატკივარი ჩამოყვება მონაწილე გუნდებს, რაც განსაკუთრებული გამოწვევაა თბილისის აეროპორტისათვის, რომელიც საკმაოდ მცირე მასშტაბებისაა. ამას ემატება ჩარტერული და ბიზნეს კლასის კერძო საჰაერო რეისები, რომლითაც უეფას მიერ ამ დიდ ღონისძიებაზე მოპატიჟებული ვიპ-სტუმრები ჩამოვლენ.

ამავე ვიზიტის ფარგლებში განისაზღვრა ოფიციალური ვახშამისა და საზეიმო მიღების ჩატარების ადგილი. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ქალაქის მერიის ჩართულობის აუცილებლობას, რადგან სუპერ თასის მასპინძელი არა მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, არამედ ჩვენი დედაქალაქი – თბილისია.

24-27 ივნისს გამართულ შეხვედრებზე ასევე გადაწყდა, რომ გამოცდილების გაზიარებისა და ღონისძიების სპეციფიკის უკეთ გასაგებად სფფ-ის დელეგაცია 12 აგვისტოს, უელსის დედაქალაქ კარდიფში უეფას სუპერ თასს დაესწრება და მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივ საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად გაივლის ყველა მნიშვნელოვან დეტალს.

შემდეგი ვიზიტი, უეფას სუპერ თასის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ სავარაუდოდ ნოემბერში, უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის – საქართველო-პოლონეთის დროს შედგება.

 

სფფ-ის პრესსამსახური

0.157755