ევროპის მე-15 ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, 4 ტურის თავზე უდანაკარგო არავინ დარჩა, მათ შორის, არც საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2541).
ტურნირის სტარტზე მოპოვებული 3 გამარჯვების კვალად, ძაგნიძე შავი ფიგურებით ნატალია ჟუკოვას დაუზავდა და კიდევ 5 მონაწილის დარად, 3.5 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-3 ადგილზეა.
ლიდერებს ნახევარი ქულით 18 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის 4 ქართველია. სალომე მელიამ იტალიელი მარინა ბრუნელო (2321) დაამარცხა და მერვეა, ლელა ჯავახიშვილი (2474) ნინო ბაციაშვილს (2417) დაუზავდა და მათ, შესაბამისად, მე-13 და მე-18 პოზიციები უკავიათ, ნინო ხურციძე (2460) კი, რომელმაც ყაიმი უკრაინელ ინა გაპონენკოსთან (2380) გააფორმა, მე-17 საფეხურზეა.
ბულგარულ პლოვდივში მიმდინარე ევროპის პირველობაზე მოთამაშე სხვა ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 32. მერი არაბიძე (2406) – 2.5; 35. სოფიო გვეტაძე (2356) – 2.5; 69. სოფიკო გურამიშვილი (2402) – 2.0; 102. მადონა ბოკუჩავა (2027) – 1.0;
მე-5 ტურში პირველ დაფაზე ძაგნიძე და სომეხი ლილიტ მკრტჩიანი (2446) ითამაშებენ, ჟუკოვა თანამემამულე მარია მუზიჩუკს (2521) გაეჯიბრება, ლიდერთა კიდევ ერთი წყვილი კი რუმინელმა კრისტინა-ადელა ფოიოსორმა (2383) და რუსმა ვალენტინა გუნინამ (2501) შეადგინეს.