მთელს მსოფლიოში ყველა თანხმდება, რომ სპორტი ადამიანის და მეტადრე, მოზარდის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანასი და ხშირად შეუცვლელი “წამალია.” საჯარო თუ კერძო სკოლებში სპორტის სწავლების დაკნინებამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებისათვის საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა და საქართველოში სწორედ იმ პერიოდში იყო, ბავშვებში ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს მწეველთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სპორტის ეროვნული სასწავლო გეგმა ადგილობრივი პირობებისა და სპორტული ტრადიციების გათვალისწინებით დგება. მაგალითად, ბუნებრივია, რომ სკანდინავიაში სპორტის ზამთრის სახეობებს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება, იამაიკაში კი მძლეოსონას და არა პირიქით... არის სახეობები, რომლებიც მხოლოდ ერთ, ან რამოდენიმე ქვეყანაშია პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი “ტრადიციული სახეობები” სხვა ქვეყნებში პოპულარობით არ სარგებლობს, ბევრ ქვეყანაში მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ დათმობილი. მაგალითად, შეგვიძლია ამერიკული ფეხბურთი მოვიყვანოთ, რომელიც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაშია პოპულარული. თუმცა, ამერიკის სკოლებში ამ სახეობას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა და ისიც ცნობილი ამბავია, რომ შეერთებულ შტატებში ევროპულ (კლასიკურ) ფეხბურთზე მეტად, სწორედ ამერიკულ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას.
ავსტალიასა და ახალ ზელანდიაში რაგბია ჰეგემონი, ბრაზილიაში ფეხბურთი, ინდოეთში კრიკეტი, მონღოლეთში კი მშვილდოსნობა. საქართველოში ასეთი სახეობა, ქართული ჭიდაობაა, რომელიც მთლიანობაში დიდად რა განსხვავდება ბერძნულ-რომაული ჭიდაობისაგან ან ძიუდოსაგან, მაგრამ ქართული ჭიდაობა მხოლოდ ლოკალურად ჩვენს ქვეყანაშია პოპულარული. სწორედ ამიტომ, სასწავლო გეგმის შედგენის დროს, სკოლებს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, პირველ ყოვლისა, იმაზე ფიქრი უწევთ რამდენად დააინტერესებს მოზარდს ესა თუ ის სახეობა.
დღეს, საქართველოს სკოლებში, სპორტის გაკვეთილებზე სპორტის 26 სახეობა ისწავლება. მათგან უმეტესობა ე.წ. სათამაშო სახეობებია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველაზე პოპულარული დღეს მთელს მსოფლიოში სწორედ სათამაშო სახეობებია. ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი; ხელბურთი; რაგბი; ჩოგბურთი; მაგიდის ჩოგბურთი; ბადმინტონი; ბალახის ჰოკეი და ჭადრაკი... ამ სახეობათაგან ყველაზე პოპულარული რასაკვირველია ფეხბურთია. ქართველი ფეხბურთელების წარსულში მოპოვებული წარმატებები, ინერციით დღემდე გადმოდის და ფეხბურთს ჩვენი ქვეყნის მოზარდებში, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუმცა, ბოლო წლების მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, სულ უფრო მეტი სკოლა ირჩევს კალათბურთსა და რაგბის. ამის მიზეზად რასაკვირველია ქართველი კალათბურთელებისა და მორაგბეების ბოლოდროინდელი წარმატებები სახელდება.
ორთაბრძოლის სახეობებიდან, საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართულ ჭიდაობას. სწორედ ქართული ჭიდაობაა ის, რაზეც მრავალი ცნობილი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გაიზარდა და მხოლოდ შემდეგ გადაინაცვლეს სპორტის ოლიმპიურ სახეობეში. ქართული ჭიდაობის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებში უფრო მეტად, ძიუდო და სამბოა პოპულარული. დასავლეთ საქართველოში კი ბერძნულ-რომაული ჭიდაობას ენიჭება უპირატესობა. ზოგიერთ სკოლაში აღმოსავლური ორთაბრძოლებიც (უშუ, ჯიუჯიცუ, კარატე და სხვა...) ისწავლება. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში სპორტის გაკვეთილებზე მოსწავლეები თითქმის აღარ დადიან და გაკვეთილები სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ბუტაფორიულ ხასიათს ატარებს