გულშემატკივრის სვეტი

12:05 | 27.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური სუფრა

- რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ არ სვამს ეს მესი ღვინოს და ნუ აძალებთ. ისევ თქვენი სათრევი გახდება. გოზინაყი გადააწოდეთ მაგას გოზინაყი! ტკბილეულობა ყვარებია ნამეტნავად....
- ამ მესის რა სჭირს არ ვიცი... ეგერ, ინიესტას ყანწს ვერ ვაგდებინებთ ხელიდან... მესამეს სვამს უკვე.
- რაც ინიესტას ღვინო აქვს დალეული, მაგდენი მგონი მთელს ესპანეთში არ დაილევა წელს. მეღვინეა ეგ კაცი და აცალეთ სიამოვნება.
- “ბობო“, შეეშვი მაგ ქალს თუ კაცი ხარ და მოგვაქციე ყურადღება. ახალი წელია თუ სიყვარულის დღე, რომ ჩაფრენიხარ მკერდზე და აღარ უშვებ ხელს.
- ჰო, დამისხი ჩემი ჯიჯი, მერიქიფეობა ბარემ არ გეკადრება ამოდენა კაცს, მაგრამ, ზოგი არ სვამს, ზოგს კიდევ ცხვირი ისე აქვს აბზუებული, სხვას რაფერ მოემსახურება?
- სანამ ახალ სადღეგრძელოს ვიტყოდე, მანამდე გთხოვთ მომისმინოთ მეგობრებო. ბასტიან, კაცურად, დაანებე მაგ გოჭს ცოტა ხანი თავი და მომისმინე. მოდი, ჩვენს გულშემატკივრებს გაუმარჯოს ჩემო კარგო ხალხო. ეს ხალხი რომ არა, არც ფეხბურთს ექნებოდა ფასი და არც ჩვენ მოგვცემდნენ მილიონებს ნიფხვისამარა სირბილში. პატივი უნდა ვცეთ იმ უბრალო მოქალაქეებს, ბილეთებში და საფეხბურთო ტელეარხების პაკეტში ფულს რომ არ ინანებენ. მოდიან სტადიონზე, ყვირიან, გვამხნევებენ, ხან ტირიან კიდეც... მოდი, გაუმარჯოს ამ კარგ ხალხს!
- ბატონო თამადა, პატარა შესწორება რომ შემოვიტანო სადღეგრძელოში თუ შეიძლება?
- გისმენ ჩემო კრიშტიანუ. შენნაირ კაცს რაფერ არ მოვუსმენ?
- გულშემატკივრებს კი გაუმარჯოს, მაგრამ, ყველას მაინც ნუ დავლოცავთ. ზოგიერთი ხომ იცი, ხან ტყუილად გვაგინებს ხოლმე და ხან ქვებსაც გვესვრიან...
- საგინებელი თუ ხარ მაშინ?
- ორ გოლს რომ გაიტან და კიდევ გაგინებენ, საქმეა ეს?
- შენც რაღაცის თქმას აპირებ ლეო?
- არა იყოს... უბრალოდ, ამ კრიშტიანუმ გადაგვაყოლა თავის გინებას. რაც სუფრა დაიწყო, სულ ამაზე ლაპარაკობს. ვინ აწყენინა გვითხრას და...
- მოდი, არ გვინდა ამაზე შეჩერება და ახლა სიტყვა, კონტეს მინდა გადავცე. კაცი ნახევარი სათია სადღეგრძელოს მთხოვს და მოვუსმინოთ ამასაც...
- გამივსე მარკიზიო გამივსე, რა გენანება? ნაღდი ზესტაფონური ციცქაა. ასეთ ღვინოს ხვალაც კი არ დალევ.... მოკლედ, მე თქვენი სადღეგრძელო მინდა დავლიო ბატონო თამადა. გასვლას ვაპირებ, ოჯახი, ამბები.. ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე... ჰოდა, სანამ გავალ, მინდა დაგლოცოთ და გისურვოთ, რომ მომდევნო წელს უფრო ობიექტური ყოფილიყავით თქვენს გადაწყვეტილებებში და თქვენში ეჭვი აღარ შეგვეტანოს.…
- რასაა რომ კადრულობ ბიჯო? მე, მიშელ პლატინს ამას როგორ მაკადრებ? არაობიექტურები და ფულისტები თქვენთან, იტალიაში მოიკითხეთ!
- “იუვენტუსში” რომ ბურთს აგორებდი და მთელი იტალია ტაშს გიკრავდა, მაშინ  კარგები ვიყავით ჰო? ახლა ვართ აფერისტები? მაინც დაგლოცავ. დღეს შენ ხარ თამადა და იმიტომ დაგლოცავ. ხვალ სხვა იქნება თამადა და გისურვებ, რომ იმ სხვის თამადობამდე, დასამალად არ გაგხდომოდეს საქმე!
- აიტ, რეებს მიბედავს ეს ყურუმსაღი?! სასწრაფოდ გააძევეთ აქედან!
- სანამ მიშელი კონტეს სუფრიდან აძევებს, მოდით დავწყნარდეთ მეგობრებო და ერთს ახლა მეც გეტყვით. ერთი უბრალო მუშის შვილი ვარ. ბალღობაში ავის მეტი რა მინახავს, მაგრამ, ადამიანები კი არ შემძულებია. მოდი, ჩვენს საერთო სამშობლოს – დედამიწას გაუმარჯოს თავისი კუთხე-კუნჭულებით, ანუ იმ ქვეყნებით, სადაც ბურთი დაგორავს! ჭირიმე თქვენი!
- მიდი ბოლომდე დალიე! კაი სიტყვა იყო უეინს ვენაცვალე!
- რუნის უყურე შენ, როგორი სიტყვა-პასუხი სცოდნია?!
- კაცი ხარ კაცური, ასე არ ჯობია?
- როგორც ჩანს, პლატინი და კონტე მოსვლას აღარ აპირებენ და ის დროა, ჩვენც ნელ-ნელა დავიშალოთ “ბითლზივით.” ხვალ ყველას ზესტაფონში, ალიბაბას ხაშზე გეპატიჟებით. ჟოზე, არ დამიწყო შენებურად წუწუნი და ამბავი – ვერ ავდგებიო... სახაშეში დარეკილი მაქვს უკვე. აბა, კიდევ ერთხელ გაუმარჯოს დამდეგს!
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.123693