საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველ უჩა ლობჟანიძეს ბოლო თვეებში “დნიპროში” სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. მეტიც, ის განაცხადში არ იყო შეყვანილი. არადა, ლობჟანიძე ეროვნულ ნაკრებში N1 მარჯვენა მცველად ითვლება და ტრავმა, ან დისკვილიფიკაცია თუ არ აქვს, თემურ ქეცბაია სულ ათამაშებს.
“მსოფლიო სპორტი” ლობჟანიძეს ესაუბრა:
- რა გეგმები გაქვთ ამ ზამთარს: “დნიპროში” რჩებით?
- 6 თვით გავაგრძელე კონტრაქტი, ანუ ზაფხულამდე.
- კი, მაგრამ, სათამაშო პრაქტიკა რომ არ გაქვთ? თანაც, საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ განაცხადში არ იყავით?
- ზუსტად მეც არ ვიცი, რატომ მოხდა განაცხადში ვერმოხვედრის ამბავი. 14 იანვარს ვარჯიშები დაგვეწყება, შეკრებაზე წავალთ და იქ გაირკვევა ჩემი საკითხი. იმედია, თამაში მომიწევს.
- შესაძლოა, სხვა კლუბში გაგანათხოვრონ?
- ვნახოთ, არაა გამორიცხული. შეკრებაზე გაირკვევა. სიმართლე გითხრათ, ინტერესიც არავის გამოუჩენია, ასარჩევად არ მქონია საქმე.
- “დნიპროს” მარჯვენა მცველი ფედეცკია – უკრაინის ნაკრების ძირითადის მცველი. მაგრამ თქვენ ხომ ცენტრალურ მცველადაც ხშირად გითამაშიათ.
- დიახ, თუ საჭიროა, ცენტრშიც მითამაშია. ვნახოთ. იმედია, უთამაშებელი არ დავრჩები. შესაძლოა, სხვაგან გამანათხოვრონ, თუმცა ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. რას გადაწყვეტენ, არ ვიცი. “დნიპრო” ძლიერი გუნდია, ლიდერებს შორისაა და ევროპის ლიგაზეც კარგად თამაშობს, ასე რომ, იქ ძირითადში მოხვედრა იოლი არაა.
- თბილისის “დინამოს” ჰქონია თქვენს მიმართ ინტერესი?
- არა.
- ნაკრებზეც ვთქვათ: რა დაგამახსოვრდათ შარშანდელი მატჩებიდან?
- იყო დასამახსოვრებელი მომენტები, ცუდიც და კარგიც.
- რიბერის წინააღმდეგ კარგად ითამაშეთ. გაიხსენეთ ფრანგებთან თამაში.
- მარტო მე არ ვიყავი რიბერის წინააღმდეგ. მეხმარებოდნენ, ზოგჯერ სამი კაციც გადავდიოდით. მარტო ვერაფერს გავხდებოდი. პრინციპში, მაინც თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა რიბერის.
- ინიესტას წინააღმდეგაც ითამაშეთ. პერსონალურად არა, მაგრამ მეტწილად თქვენ გიწევდათ მის წინააღმდეგ. რიბერისთან უფრო გაგიჭირდათ?
- დიახ, რიბერი უფრო სწრაფი და ენერგიულია.