ბრესტის “დინამოს” თავდამსხმელი უჩა გოგოლაძე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს შარშანდელ სეზონსა და მომავლის გეგმებზე ესაუბრა.
- 2012 წლის სეზონს შენთვის როგორი აღმოჩნდა?
- ვერ ვიტყვი, რომ კარგი – ნორმალური. პირველ-მეორე წრეში არ მითამაშია, მესამეში უკვე მათამაშებდნენ. ვფიქრობ, ნორმალურად ჩავატარე. გოლების გატანა დავიწყე. თუმცა შემეძლო, უფრო მეტი გამეტანა, მაგრამ რაღაც არ გამომივიდა. შევეცდები, მომავალ სეზონში ორჯერ მეტი გავიტანო და უკეთესად ვითამაშო.
- “ნაფტანთან” გატანილი გოლი 2012 წლის სეზონში გუნდში საუკეთესოდ აღიარეს. გახსოვს ეს გოლი?
- რა თქმა უნდა. ამ გოლს რა დამავიწყებს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. დავარტყი და არ ვიცი, როგორ, მაგრამ ზუსტად და კარგად გამოვიდა.
- გუნდი ვოლოდია ხვაშჩინსკიმ დატოვა. ახლა შენ ხარ პირველი თავდამსხმელი?
- ალბათ, ასე იქნება. ვოვა ძალიან ძლიერი თავდამსხმელია.
- რამდენად კარგადაა მომზადებული გუნდი 2013 წლის სეზონისთვის?
- ვერ ვიტყვი, რომ გუნდმა სეზონი ცუდად ჩაატარა. მე-7 ადგილზე გავედით და შეგვეძლო, მე-6 პოზიციაც დაგვეკავებინა. ისეთი ქულები დავკარგეთ, რომელთა დაკარგვაც არ შეიძლებოდა. შევეცდებით, მომავალ სეზონში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.
- მომავალ სეზონში მინიმუმ 15 გოლს გაიტან?
- შევეცდები გავიტანო.
- ევროტურნირებზე თამაში გსურთ? უახლოეს ხანში გუნდი ამას თუ მოახერხებს?
- რა თქმა უნდა. ევროტურნირზე თამაშის შანსი გვაქვს. ბელარუსის თასზე გამოვდივართ და მისი მოგების შემთხვევაში ევროპის ლიგაში ვითამაშებთ.
- კლუბმა სახელი “დინამო” დაიბრუნა. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ძალიან კარგი, რადგან “დინამო” მაინც “დინამოა”.
- საქართველოს ნაკრებში თამაში გსურთ?
- რა თქმა უნდა. შევეცდები, კლუბში რაც შეიძლება კარგად ვითამაშო, რათა საქართველოს ნაკრებში მიმიწვიონ.
- კარიერის გაგრძელების რა ვარიანტები გაქვთ? სხვა კლუბი ხომ არ გეპატიჟებათ?
- “დინამოსთან” კიდევ ერთი წელიწადი მაქვს კონტრაქტი და 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ბრესტში დავრჩები. სეზონის შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.
- ბელარუსი გულშემატკივრები ქართველებისგან რით განსხვავდებიან?
- საქართველოშიც ძალიან კარგი გულშემატკივრები არიან. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რა ვთქვა.
- ბრესტელ გულშემატკივრებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ძალიან კარგი გულშემატკივრები გვყავს. ბელარუსში საუკეთესოები არიან. მათ მსგავსად ბელარუსში არავინ გულშემატკივრობს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა