ბლოგი

11:19 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უბრალოდ კარლოსი

ამ შავტუხა, დაბალმა და დაკუნთულმა კაცმა, ბევრ ადამიანს შეუცვალა წარმოდგენა ბრაზილიელ მცველებზე და ბევრის ტვინში დაანგრია არაფრისმომცემი კლიშეები. გადარევაც უცებ იცოდა და პატიებაც. მხიარულიც იყო და გულჩათხრობილიც. ხან კი ისე გაბრაზდებოდა, მტერსა და ავს, ვინც წინ გადაეღობებოდა. ამ კაცმა ჩვენი საფეხბურთო გემოვნება ჩამოაყალიბა. მას რობერტო კარლოსი ჰქვია!

როდესაც რობერტო კარლოსზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მიმაჩნია, რომ გაიმიჯნოს მისი საკლუბო და სანაკრებო კარიერა. კარლოსი ჭეშმარიტი პროფესიონალი იყო და ნამდვილად ვერ დავწამებთ იმას, რომ ”რეალში” უფრო ნაკლებ ოფლს ღვრიდა, ვიდრე ბრაზილიის ნაკრებში - ან პირიქით... მაგრამ, რატომღაც, მაინც არასწორი მგონია ერთ ჭრილში განვიხილოთ იმ ფეხბურთელის სანაკრებო და საკლუბო წარსული, რომელმაც ჯერ მრავალი დიდებული თასი და ჯილდო ჩაბღუჯა და მერე სპორტული კარიერა მახაჩყალის უსახურ კლუბში დაასრულა.

გასაგებია, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ალბათ, ბევრი არ მოველოდით, რომ ესოდენ დაფასებული და მსოფლიო დონის მცველი, რუსეთის მიყრუებულ პროვინციაში მწვანე დოლარების ტრფიალით ჩავიდოდა. ალბათ, იმაზეც დაგვწყდა გული, რომ კარიერის მიწურულს, მწვანე მინდორზე რობერტო კარლოსის აჩრდილიღა დაბორიალობდა, მაგრამ ეს ყველაფერი, ახლა მხოლოდ წარსულია და ერთადერთი, წარსულის სწორად დანახვა და გააზრება უნდა ვცადოთ, რაც ადვილი საქმე ნამდვილად არაა.

მადრიდის “რეალში” ყოფნის დიდებულ წლებში, მახსოვს, მადრიდული კლუბი “ვალიადოლიდს” ხვდებოდა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე აშკარა იყო, რომ ”რეალი” თავის მეტოქეს ადვილად მოუგებდა და ეს ასეც მოხდა. არასოდეს დამავიწყდება მატჩის დასრულებისას, უკვე დაღვინებული და მრავლისმხილველი ბრაზილიელი მცველი როგორ იხუტებდა მკერდში მოწინააღმდეგე გუნდის ახალგაზრდა მეკარეს, რომელსაც წაგებით გამოწვეული მარცხის გულში ჩაკვლა არც კი უცდია და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. მხოლოდ ეს, ერთი ეპიზოდიც კი კმარა იმის დასანახად და მისახვედრად, ვინ იყო რობერტო კარლოსი და როგორ გაიარა თავისი შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა. სწორედ ამიტომაც მიჭირს იმის ობიექტურად განსჯა, რომ ამ კაცმა, თავისი კარიერის ბოლო წლები კასპიის ზღვისპირეთში მავანი ოლიგარქებისა და ”ფულის ტომრების” ხვინტრიცსა და გართობას შესწირა.

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, რობერტო კარლოსისთვის, ისევე როგორც იმ თაობის, ალბათ, ყველა ბრაზილიელისთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ტკბილად მოსაგონარი ტურნირი იყო. ბრაზილიელებმა იაპონია-კორეის მინდვრებზე ნამდვილი ქარბორბალა დაატრიალეს და ისე იჩემპიონეს, არანაირი კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, რობერტო კარლოსმა ბრაზილიელ ჟურნალისტებს უთხრა: ”როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ბრაზილიაში უამრავი დიდი ტალანტი თამაშობდა ჩემს გვერდით და ბევრი მათგანი მჯობდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ის ბიჭები, გაჭირვებისა და სხვა მრავალი მიზეზის გამო, აღარ გაჰყვნენ დიდ ფეხბურთს. ზოგიერთებმა კი, უბრალოდ, ვერ შეძლეს სათანადო დროს კარგ გუნდში მოხვედრა. ჩვენი ჩემპიონობა მინდა ამ ბიჭებს მივუძღვნა. სამწუხაროა, რომ ბრაზილიაში დღესაც ბევრი დიდი ტალანტი იკარგება უკვალოდ. ეს უსამართლობაა, რომელიც ყველა ბრაზილიელმა ერთად უნდა გამოვასწოროთ!”

აი, სწორედ ასეთი რობერტო კარლოსი გვახსოვს და გვიყვარს. სწორედ ასეთი რობერტო კარლოსი იყო და არის ჩვენი კერპი. ჩია კაცი, რომელიც ყოველი ჯარიმის დარტყმაში, მთელს თავის წარსულსა და ტანჯულ წლებს დებდა. ამიტომაც იყო ასეთი დიდი! 

0.115201