ინტერვიუები

20:13 | 17.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

უბრალოდ, დელ პიერო

მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც 15-20 წლის განმავლობაში თამაშობს დიდ კლუბში და მცირე ჩავარდნების გარდა, მუდამ ფორმაშია, მუდამ გულშემატკივრების კერპია, მუდამ ყველაზე სასურველი რესპოდენტია ჟურნალისტებისთვის. ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო სწორედ მათ რიცხვს განეკუთვნება.
ამ ფოტოზე დელ პიერო ერთი წლისაც არაა და უკვე ბურთი აქვს ჩახუტებული. ესპანურმა el pais-მა 37 წლის იტალიელ ვარსკვლავთან საუბარი სწორედ ბავშვობის ფოტოთი დაიწყო.
- იცით, სადაა გადაღებული ეს სურათი?
- მშვენივრად ვიცი. ჩემი სახლის უკანაა. ხომ ხედავთ, ერთი წლისაც არ ვარ და უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო მომავალში... ძალიან მიყვარს ეს ფოტო.
- ეს ბურთი ახლაც ხომ არ გაქვთ სამახსოვროდ?
- ბურთი არა, მაგრამ დღემდე ვინახავ პოსტერებს, რომლებიც ოთახში მქონდა გაკრული.
- ვისი პოსტერები?
- “იუვენტუსის”, მიშელ პლატინის... ასევე, მომღერლების – მაიკლ ჯექსონი, ჯგუფები გენესის, U2, დირე სტრაიტს...  ეს ოთახი მე და ჩემს ძმას გვქონდა დაკავებული. შემოვინახე ველოსიპედიც, რომელიც უკვე 50 წლისაა. ახლა ეს ველოსიპედი დედაჩემის სახლთან დგას. ძალიან მიყვარდა.
- ასაკთან ერთად იცვლებოდით ხასიათის მხრივ?
- უფრო თავდაჯერებული გავხდი და მორცხვიც აღარ ვიყავი, თუმცა მაინც ვენეტოს (რეგიონია იტალიის ჩრდილოეთში) ჭეშმარიტი შვილი ვარ: თავშეკავებული, მშვიდი და პრაქტიკული.
- ფეხბურთელთა “სტიკერებს” არ აგროვებდით?
- არა, ეს ძვირი ღირდა და ოჯახს არ ჰქონდა ამდენი ფული. თუმცა, ერთხელ დედას ვთხოვე, რომ ეყიდა და ველოსიპედზე მივაკარი.
- მამა ელექტრიკოსი იყო, დედა კი დალაგებელი. ფეხბურთი რომ არა, რა უნდა გეკეთებინათ?
- აზრზე არ ვარ. მახსოვს, სკოლაში დაგვავალეს, სასურველი პროფესია დაწერეთო და სამი რამ ავირჩიე: ელექტრიკოსი, მოგზაური და მზარეული. ისე კი, ფეხბურთელობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ეს მაშინ ოცნებას ჰგავდა და ვერ დავწერე.
- რა გაძლევთ ყველაზე დიდ ემოციას?
- ჩემს შვილებთან ყოფნა. სამი შვილი მყავს და როცა ვუყურებ როგორ იზრდებიან, მიხარია. კიდევ, სხვადასხვა სპორტული ამბები მხდის ემოციურს. ასევე, ზოგიერთი ფილმიც.
- ბოლოდროინდელი სპორტული მოვლენებიდან რომელმა მოგანიჭათ ემოცია?
- მსოფლიო თასმა რაგბიში. ყველა მატჩი ვნახე ფინალის გარდა – უბრალოდ, ვარჯიშს დაემთხვა.
- ბავშვობაში რა დროს უთმობდით ქუჩას?
- თავისუფალ დროს სულ იქ ვიყავი. გაკვეთილებს სწრაფად ვსწავლობდი და შემდეგ დაღამებამდე ქუჩაში ვიყავი. საერთოდ, იტალიის ჩრდილოეთში ხანგრძლივი ზამთარია და ხუთის ნახევარზე ბნელდება. ამის შემდეგ სეირნობას გვიშლიდნენ. სამაგიეროდ, ზაფხულობით მხოლოდ საჭმელად თუ შევდიოდი სახლში, სულ გარეთ ვიყავი...
- თქვენი პირველი ბუცები რა ფირმისა იყო?
- “ადიდასი”. დაბადების დღეზე მაჩუქეს და ძალიან მიყვარდა.
- ბავშვობაში ვისგან გსურდათ ავტოგრაფი?
- ძალიან მორცხვი ვიყავი და ავტოგრაფს ვერავის ვთხოვდი. არც მიფიქრია ამაზე. რაში უნდა გამომეყენებინა? რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა, რომ ჩემს დასახლებაში (სან ვენდემიანო, სადაც 10000 მაცხოვრებელი იყო) ჩამოსულიყვნენ პლატინი, ან U2-ის სოლისტი ბონო. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი იყო.
- სანდრო მაცოლა ხშირად ამბობს, იტალიაში ფინტები არ უყვართო.
- კარგი ფინტი ეფექტური სანახაობაა, მაგრამ ფეხბურთელის ოსტატობა მხოლოდ ამაში არ გამოიხატება. მთავარია, ფეხბურთელს სწორი გადაწყვეტილების მიღება შეეძლოს. ყველაზე ძნელი და ყველაზე მთავარიც: ყველა ეპიზოდში გუნდის სასარგებლოდ იმოქმედო.
- დღესაც აკეთებთ ფეხებში ვარდნას, რათა მეტოქეს ბურთი წაართვათ. არადა უკვე 37 წლის ხართ და როგორ ინარჩუნებთ ასეთ მონდომებას?   
- როცა ფეხბურთს ვთამაშობ, ასაკი მავიწყდება. არის მომენტები, როცა გრძნობ – უნდა გაიქცე, დაეწიო, ფეხებში უნდა ჩაუვარდე. ეს ემოცია მაქვს, ჩემში მოგების წყურვილია და სანამ ცოცხალი ვარ, ასეც იქნება.
- რა მოგცათ ფეხბურთმა?
- ყველაფერი ის, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. ყველა ოცნება ამიხდინა.
- როგორი სანახავია ფეხბურთი სათადარიგოთა სკამიდან?
- ცუდი. სკამების უმრავლესობა ცივია... მინდორზე სჯობს.
- რომელ ფეხბურთელებთან მეგობრობთ?
- ანჯელო დი ლივიოსთან, თუმცა მან კარიერა დაასრულა.   
- რომელმა გოლმა გაგახარათ ყველაზე მეტად?
- 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიას რომ გავუტანე. და კიდევ, 1996 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში, როცა “იუვენტუსმა” ჩემი ერთადერთი გოლით მოიგო ტიტული.
- მსოფლიოს ჩემპიონობა ყველაზე მეტად გაგიხარდათ?
- დიახ. 32 წლის ასაკში მოვიგე ეს ტიტული, არადა, მანამდე 14 წელი ვიყავი ნაკრებში.
- ყველაზე მეტად რომელი მცველის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
- ფაბიო კანავარო, ლილიან ტიურამი და პაოლო მალდინი. ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ და დასწრებაზე ბრწყინვალედ თამაშობდნენ.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- არ შემიძლია ტირილი. მაშინაც კი, როცა მამა დამეღუპა, ვერ მოვახერხე. უბრალოდ, შოკში ვიყავი. როგორ მინდა, მამა ახლაც ჩემს გვერდით იყოს და მადლობა მოვუხადო ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა.
- “იუვენტუსთან” კონტრაქტი 1993 წელს გააფორმეთ. გახსოვთ ის შთაბეჭდილებები, რომელიც კლუბის შტაბ-ბინამ მოახდინა?
- ბელისიმა! პატარა დასახლებიდან ჩამოსულს, არაჩვეულებრივ გარემოში მეგონა თავი.  
- ლიპი, კაპელო, ტრაპატონი, ანჩელოტი – ამ მწვრთნელებიდან რომელი დაგეხმარათ ყველაზე მეტად?
- ალბათ, ლიპი, რადგან ის სხვებზე დიდხანს იყო ჩემი მწვრთნელი. და ლიპის თავკაცობისას ყველა საკლუბო ტიტული მოვიგე, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა.
- ამბობენ, იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლას კინაღამ ეჩხუბაო. როგორ იქცეოდა ზლატანი “იუვეში”?
- “იუვეში” კინაღამ სხვას ეჩხუბა.
- თქვენ?
- არა. ჩემგან სხვანაირად მიიღებდა... საერთოდ, ზლატანი მშვიდია, ოღონდ ძალიან მომთხოვნია და თანაგუნდელებისგან მაქსიმალურ შრომას მოითხოვს.
- 10 ნომერი ბაჯოსგან გადმოგეცათ. ის საუკეთესოა, ვისთან ერთადაც გითამაშიათ?
- დიახ, ოღონდ ზიდანთან ერთად. და კიდევ, იუგოვიჩი. თუმცა, “ზიზუს” და ბაჯოს ფანტასტიკური ტექნიკა ჰქონდათ.
- სად გსურთ კარიერის დასრულება?
- ეს კითხვა არ მიყვარს. მინდა, რომ მშვიდად, ყოველგვარი დრამის გარეშე წავიდე. რაც მოხდება, მოხდება.
- რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?
- 40 წლამდე.
- რამეს ნანობთ?
- არა. უბრალოდ, ზოგიერთ მატჩს ახლიდან ვითამაშებდი, ოღონდ დღევანდელი გამოცდილების დელ პიერო ვიქნებოდი.

 

მოამზადა ილია ნანობაშვილმა
 

0.114374