ფეხბურთი

23:32 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

U19 გადამწყვეტი მატჩის წინ. ევროპამდე ერთი ნაბიჯია...

 

ხუთშაბათს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდის გადამწყვეტი მატჩის წინ ბოლოჯერ ივარჯიშა. ვასილ მაისურაძემ გუნდი ნიონში, უეფას შტაბ-ბინასთან მდებარე სპორტკომპლექს “კოლოვრეის“ სტადიონზე ავარჯიშა, იქ, სადაც ხვალინდელი შეხვედრა უნდა გაიმართოს ჯგუფის პირველადგილოსნისა და ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელის გასარკვევად.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს ფრეც აძლევს ხელს, თუმცა, 19-წლამდელები ასპროცენტიანი შედეგის დადებას და ტურნირის მოგებით დასრულებას გეგმავენ.

ვასილ მაისურაძე მცირე დანაკლისს მაინც ვერ ასცდა. 2 დღეა არ უვარჯიშია ლევან შენგელიას, რომელსაც კვიპროსთან თამაშის შემდეგ სიცხე ჰქონდა და მხოლოდ დღეს იძუნძულა ვარჯიშზე. ტრავმა აწუხებს გიორგი აბურჯანიას და მისი მოედანზე გასვლის საკითხი მხოლოდ თამაშის წინ გადაწყდება.

ყველა სხვა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მონდომებით ემზადება ისრაელთან სათამაშოდ. მთავარმა მწვრთნელმა დღევანდელ ვარჯიშზე მოთამაშეები დიდად არ გადატვირთა.

გულშემატკივართა დიდი ინტერესისა და ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მატჩის ტრანსლირება ვერ ხერხდება, რადგან შვეიცარიული მხარე მატჩის გადაღებას არ აპირებს. ჩვენის მხრივ, ვეცდებით ყველა დეტალი ოპერატიულად გაცნობოთ სფფ-ის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით.

 

სფფ-ის პრესსამსახური

ლოზანა, შვეიცარია

0.129892