ძიუდო

21:09 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

თვის ბოლომდე სოჭში

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსული “დიდი სლემის” დასრულების შემდეგ ორი დღით მოსკოვში დარჩა და ივარჯიშა. 24-დან 31 ივლისის ჩათვლით კი ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი სოჭში, ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით გამართულ ერთობლივ სანაკრებო შეკრებაში ჩაერთვება.

ტურნირზე ნაჭიდავები რამდენიმე ძიუდოისტი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა. დანარჩენებს კი სოჭში ნაკრების ის წევრები შეუერთდნენ, რომლებიც უზნაძეს “დიდი სლემის” განაცხადში არ ჰყავდა შეყვანილი.

ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ინფორმაციის თანახმად, სოჭში მოსკოვიდან გაეგზავრნენ: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ნოდარ მეტრეველი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ). თბილისიდან კი - ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ). სავარაუდოდ სწორედ სოჭის შეკრებაზე გამოჩნდება, შეძლებს თუ ვერა ტრავმირებული ლევან წიკლაური მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობას.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნაკრები ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებას ყვარელში გაივლის. სწორედ იქ დასახელდება 9-კაციანი შემადგენლობა. ჩემპიონატის მასპინძელ ბრაზილიაში კი ქართველი ძიუდოისტები შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩავლენ.

მსოფლიოს პირველობა რიო დე ჟანეიროში 26 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113069