თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ თუშიშვილმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა. ევროპისა და მსოფლიოს სამ-სამგზის და ოლიმპიურმა პრიზიორმა გადაწყვეტილება ქრონიკული ტრავმიანობის გამო იმაზე ადრიანად მიიღო, ვიდრე წინასწარ ჰქონდა ჩაფიქრებული.
“გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატს თბილისმა უნდა უმასპინძლოს და ძალიან მინდოდა, ტიტულისთვის ჩემი გულშემატკივრების თვალწინ მებრძოლა, მაგრამ მხრის ტრავმა ვარჯიშის საშუალებასაც არ მაძლევს. აღარაფერს ვამბობ სხვა, შედარებით ნაკლებად მძიმე ტრავმებზე. ბოლო წლებში ამ პრობლემამ ძალიან გამაწამა. იყო ტურნირები, რომლებზეც ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით ვიჭიდავე. ამჯერად კი სამწუხაროდ მოსამზადებელი ციკლის გავლასაც ვეღარ ვახერხებ და იძულებული ვარ, კარიერა დავასრულო” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ოთარ თუშიშვილმა.
სპორტიდან წასვლაზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძეც რომ ფიქრობდა, ჯერ კიდევ ლონდონის ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე გაამხილა, მაგრამ წერტილის დასმას ჯერ არ ჩქარობს.
“საქართველოს ჩემპიონატზე არ მიჭიდავია, მაგრამ არც კარიერა დამისრულებია. ჯერჯერობით ვარჯიშს ვაგრძელებ და ვნახოთ, რა იქნება” – განაცხადა გოგშელიძემ.
ოთარ მაღლაკელიძე