ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შედეგები გამოაქვეყნეს. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კონტინენტის პირველობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახსნიან. დღეს საქმეში 66 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები ჩაერთვებიან.
ევროპის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი ოთარ თუშიშვილი (66 კგ) პირველ წრეში სერბ მირიან გეჩინს დაეჭიდება, მერვედფინალში კი ბელარუსის სახელით მოჭიდავე ალბერტ ბატიროვს შეხვდება, რომელსაც იქამდე კვიპროსელი სტელიოს მამას ძლევა არ უნდა გაუჭირდეს. თუ ქართველი მოჭიდავე ამ ორ ბარიერს გადალახავს, სავარაუდოდ, მეტოქედ ევროპის 2009 წლის ჩემპიონი, უკრაინელი ანდრეი სტადნიკი ეყოლება. ბადის მეორე მხარეს არიან რუსი ალან გოგაევი და აზერბაიჯანელი ემინ აზიზოვი. შესაბამისად, მათი და თუშიშვილის გზები ერთმანეთს მხოლოდ ფინალში კვეთს.
ევროპის 2008 წლის ჩემპიონი გიორგი გოგშელიძე (96 კგ) შეჯიბრებაში მეორე წრიდან - მერვედფინალიდან ჩაერთვება, ევროპის შარშანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორთან, მოლდოველ ნიკოლაი ჩებანთან შეხვედრით. ამ წყვილში გამარჯვებულს თურქ სერჰათ ბალჩისთან მოუწევს ნახევარფინალში გასასვლელად დაჭიდება (თუ ბალჩიმ იქამდე ლატვიელ იმანტს ლაგოდსკისთან არ წაიფორხილა). შემდეგ კი, ყველაზე მოსალოდნელი მეტოქე აზერბაიჯანელი ნავრუზ ტემრეზოვია. ბადის მეორე მხარეს მოხვდა რუსი აბდუსალამ გადისოვი.
66 და 96 კილოგრამებში წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე