გასულ უქმეებზე ანთალიამ ჭაბუკ მოჭიდავეთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს – “ვიქტორიის თასს” უმასპინძლა. თურქულ ხალიჩაზე ქართველი სპორტსმენებიც გავიდნენ და 16 მედლის აღება მოახერხეს.
ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო სიახლე გოგონათა ტურნირზე მოპოვებული ვერცხლის მედალია, რომელიც 38 კილოგრამში მოჭიდავე გვანცა კარელიძის ანგარიშზეა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, ორი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი და საერთო გუნდურ ჩათვლაში დაკავებული მეორე ადგილია. ტურნირი წაუგებლად ლევან ქავჟარაძემ (58 კგ) და გიორგი მელიამ (60 კგ) ჩაატარეს. დავით ჩხარტიშვილსა (50 კგ) და გიგა ქოქალაძეს (85 კგ) ჩემპიონობამდე თითო მოგება დააკლდათ, ხოლო თორნიკე ჭელიძე (42 კგ), გიორგი კურტანიძე (54 კგ), გიორგი გუჯაბიძე (58 კგ), ნუკრი შავაძე (76 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სამივე სინჯის ორ-ორი მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მესამე პოზიცია დაიკავეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შმაგი თოდუა (46 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (63 კგ) ავიდნენ. გიორგი პასიკაშვილი (50 კგ) და გივი მაჭარაშვილი (76 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. რამაზ ზოიძე (58 კგ) და კონსტანტინე გაბაშვილი (85 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.
“ვიქტორიის თასი” ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ქართულ გეგმაში შეტანილი ერთ-ერთი ტურნირი იყო. ევროპირველობა კი 18-23 ივნისს, მონტენეგროში გაიმართება.