ჭიდაობა

16:44 | 14.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

თურმანიძემ გადაწყვიტა, დარჩია მეექვსეზე ფიქრობს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. ბერძენ-რომაელთა თავკაცი ბეგი დარჩია კი, სრულ საბულგარეთო განაცხადს სავარაუდოდ სამშაბათს შეავსებს. 20-22 აპრილს, სოფიაში ხალიჩაზე ცხრა ქართველი გავა. თავისუფლებს სამი წარმომადგენელი ეყოლებათ, ხოლო ბერძენ-რომაელებს - ექვსი. საუბარია იმ წონით კატეგორიებზე, რომლებშიც საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადის ლიცენზია ჯერ არ მოუპოვებია.
ზაზა თურმანიძე სოფიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (55 კგ), ზურაბ იაკობაშვილსა (66 კგ) და გიორგი გოგშელიძეს (96 კგ) იახლებს. ამ სამეულში ყველაზე მოულოდნელი იაკობაშვილის გამოჩენაა. წონის ლიდერი ოთარ თუშიშვილი კი, ორ კვირაში ჩასატარებელ ჩინურ სალიცენზიო ტურნირში ჩაერთვება.
ბეგი დარჩია ლიდერებს სწორედ ჩინეთისთვის ინახავს. სოფიაში იჭიდავებენ გოდერძი დავითაძე (55 კგ), ფირუზ წულუკიძე (60 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ) და სერგო გოგისვანიძე (120 კგ). ერთადერთი წონა, რომელშიც კლასიკოსთა თავკაცმა ჯერ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, 96 კილოგრამია. დარჩია არჩევანს სავარაუდოდ სანდრო დიხამინჯიას, ირაკლი ქაჯაიასა და რამაზ ნოზაძეს შორის გააკეთებს. ეს უკანასკნელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აქტიურ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა და ბულგარული ტურნირისთვის მოსამზადებელ სანაკრებო შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა. შედგება თუ არა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონისა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელის საერთაშორისო არენაზე დაბრუნება, რამდენიმე დღეში შევიტყობთ.
ბულგარეთში თითოეულ წონით კატეგორიაში ლონდონის ლიცენზიებს ფინალისტები მიიღებენ, ჩინეთში კი, სამ-სამი საუკეთესო. თუ სალიცენზიო ქვოტაში ისეთი მოჭიდავე შევა, რომელსაც ოლიმპიადაზე ჭიდაობა იქამდეც განაღდებული ექნება, მაშინ ლიცენზიას ერთი საფეხურით დაბლა მდგომი სპორტსმენი მიიღებს.
ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოლიმპიური თამაშების 4 ლიცენზია აქვს განაღდებული. მალხაზ ზარქუამ (60 კგ), დავით ხუციშვილმა (74 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) ლონდონში ჭიდაობის უფლება მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე მოიპოვეს. კლასიკოსთაგან კი, იმავე ჩემპიონატზე ოლიმპიური ნორმატივი მხოლოდ მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ) შეასრულა.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.116265