ჭიდაობა

12:35 | 28.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

თურმანიძემ და მამაგეიშვილმა ბრინჯაოს წერტილები დასვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, 25-27 თებერვალს ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე 5 მედალი მოიპოვა. მანუჩარ კვირკველიას (74 კგ) ვერცხლს და სოსო ჯაბიძისა (96 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილის (120 კგ) ბრინჯაოებს, შეჯიბრის ბოლო დღეს, თავისი წილი ბრინჯაოები 66 კილოგრამში მოჭიდავეებმა, არჩილ თურმანიძემ და ანტონ მამაგეიშვილმა მიუმატეს.
თურმანიძემ თურქი ერენ სერდარისა და საფრანგეთის სახელით მოჭიდავე არტაკ მაგარიანის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, თურქ ოზელ იუნუსთან წააგო, “ბრინჯაოს ფინალში” კი, რუმინელი ეუსებიუ დიაკონუ დაამარცხა.
მამაგეიშვილმაც ნახევარფინალში დაკარგა ოქრო-ვერცხლის შანსი, რუმინელ გეორგიან კარპენთან მარცხით. იქამდე, რუმინელ ტომი ჰინოვეანუს, ბულგარელ ემილიან ტოდოროვსა და მოლდოველ იონ ლუჩიტას აჯობა, ხოლო რეპეშაჟის ფინალში იაპონელ იუჯი ოკამოტოს მოუგო.
27 თებერვალს, საქმეში ლაშა გოგიტაძეც ჩაერთო, მაგრამ პირველსავე წრეში სამხრეთკორეელ იუნგ-ბაიკ ლისთან დამარცხდა. ამ უკანასკნელსაც მალე გადაუკეტეს ფინალისკენ მიმავალი გზა და ქართველი მსუბუქწონოსანისთვის ტურნირი დამამშვიდებელი ეტაპის შანსის გარეშე დასრულდა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.10881