პრიმერადივიზიონის მეორე ტური ელჩეში, ადგილობრივი კლუბისა და “გრანადას’’ დაპირისპირებით დასრულდა. საყურებლად კარგი თამაში გამოვიდა, თუმცა ორმხრივი შეტევებით გაჯერებულ მატჩში მოთამაშეები დამაგვირგვინებელ ფაზაში ხშირად ცოდავდნენ.
“გრანადამ’’ სეზონი კარგად დაიწყო. კაპაროსის გუნდს, ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” გამარჯვების შემდეგ, სულ ცოტა დააკლდა ორი ტურში 6 ქულის მოპოვებასთან. ფრან რიკომ თამაშის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე გაუტანა მასპინძლებს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ლომბანიმ ანგარიში გაქვითა.
“ელჩეს” შემადგენლობაში აქტიური იყო გარი როდრიგესი. სოფიის “ლევსკის” ყოფილი შემტევი ერთ-ერთ ეპიზოდში დრიბლინგით რამდენიმე მეტოქეს გაცდა, თუმცა 35 წლის ვეტერან რობერტო ფერნანდეს ვერ აჯობა.
სტუმართაგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა 18 წლის ნიგერიელმა ისააკმა, რომელიც ესპანურმა კლუბმა “უდინეზედან” ინათხოვრა. ფრან რიკოს გოლი ახალგაზრდა აფრიკელის პასს მოჰყვა.
შემდეგ ტურში “გრანადა” “ვილიარელს” უმასპინძლებს, ხოლო “ელჩე” რაიოს ესტუმრება.
ელჩე – გრანადა 1:1 (0:0)
ელჩე. “ესტადიო მანუელ მარტინეს ვალერო”. 20 025
ელჩე: ტიტონი, ლომბანი, სუარესი, ალბასარი, როკო, ადრიანი, მოსკუერა, პალასიჩი (ვიქტორ როდრიგესი 61), გარი როდრიგესი ( კრისტიან ერერა 83), კორო (ალვარო ხიმენესი 71), ჯონათასი
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გრანადა: რობერტო, ნიომი, ბაბინი, მურილო, იტურა (იესტე 63), სისოკო (ფოლკირი 46), პიტი, ფრან რიკო, ელ-არაბი, რუბენ როჩინა (ხავი მარკესი 76), ისააკი
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
გოლები: 0:1 ფრან რიკო (81), 1:1 ლომბანი (90+1)
მსაჯი: იგნასიო ეგლესიასი
გაფრთხილება: იტურა (34), სუარესი (48), რიკო (54), როჩინა (55), როდრიგესი (57), ალბასარი (86), იესტე (87), მოსკუერა (89)
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 14(9) - 5(1), ჯარიმა: 12-17, თამაშგარე: 3-3, სეივი: 3-2, კუთხური: 8-4
დიმა შარიქაძე