საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, 2008 და 2009 წლების საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, მომავალ სეზონში ისევ "მონპელიეს" ღირსებას დაიცავს.
კი ირწმუნებიან ფრანგული გამოცემები, რომ გორგოძე მომავალ სეზონს "ტულონის" შემადგენლობაში დაიწყებსო, მაგრამ "მსოფლიო სპორტთან" საუბრისას, ქართველმა მორაგბემ ეს ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ ამის შანსი ძალიან მცირეა. მიზეზი მარტივია - 25 წლის მეორე-მესამე ხაზელს, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და საკუთარი გუნდის ლიდერს "მონპელიე" ასე იოლად ვერ შეელევა.
"გულივერა", რომლის სიმაღლეც 195 სანტიმეტრია და 118 კილოს იწონის, "მონპელიეში" 2005 წელს გადავიდა და ეტაპობრივად ამ გუნდის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა. მიმდინარე სეზონში, მან საფრანგეთის Top 14-ის 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 13-ჯერ გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მთლიანობაში მოედანზე 981 წუთი გაატარა და ორი ლელო გაიტანა. ეს მაჩვენებელი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა 40-დღიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ფრანგებმა ქართველს მოწინააღმდეგის მიბეგვისთვის გამოუწერეს. რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ "ჩელენჯ ქაფზე", მან 4 მატჩში ითამაშა, ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მთლიანობაში მოედანზე გატარებულ 271 წუთში, ორი ლელო გაიტანა.
Top 14-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტური რჩება და გორგოძის "მონპელიე" უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ახლა მას 47 ქულა აქვს, სატურნირი ცხრილში მეათე ადგილზეა და გასავარდნ მე-13 საფეხურზე მყოფ "ბაიონს" ოთხი ქულით უსწრებს. დღეს ის უშულო კონკურენტს, გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის "მონტობანს" სტუმარდ ეთამაშება, ვისაც 45 ქულით მე-12 ადგილი უკავია და "მსოფლიო სპორტი" გორგოძეს სწორედ ამ მატჩის წინ დაუკავშირდა.
- "მონტობანთან" მნიშვნელოვანი მატჩი გელით.
- ვიცით და შესაბამისად მოვემზადეთ. სრულ მზადყოფნაში ვართ, ტრავმების გამო მხოლოდ ორი მორაგბე გვაკლია და მოსაგებად მივდივართ.
- თქვენ და გიორგი ჩხაიძე თუ ითამაშებთ?
- მე ძირითად შემადგენლობაში ვარ, ჩხაიძე კი სათადარიგოთა შორისაა.
- სატურნირო მდგომარეობით, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ "მონტობანს" ფინანსური პრობლემები აწუხებს და მას თუ ვერ მოაგვარებს Pro D2-ში ავტომატურად გავარდება, ანუ, დარჩენილ თამაშებს აზრი დაეკარგება. თუ იცით, გადაიხადა თუ არა ამ გუნდმა დავალიანება?
- არ ვიცი და პრინციპში არც მაინტერესებს. შესაძლოა, "მონტობანმა" დავალიანება ვერ გადაიხადოს და Top 14-ში ნებისმიერ შემთხვევაში დავრჩეთ, მაგრამ პირადად მე მირჩევნია, რომ ეს უფლება სპორტული კუთხით მივიღოთ და არა ვინმეს დაქვეითების ხარჯზე.
- სეზონის წინ, "მონპელიეს" საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვედრის იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა, მხოლოდ უძლიერესთა შორის დარჩენისთვის იბრძვის.
- ეს, კლუბის მენეჯერების და მწვრთნელების სურვილი იყო, ამით, თითქოს, დამატებითი მოტივაციის შექნა უნდოდათ, მაგრამ იმ ტრანსფერებით, რაც მათ სეზონის წინ განახორციელეს, მსგავსი მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო. არაა "მონპელიე" ის გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. სათადარიგოთა სკამი არ გვაქვს, ძლიერი მოთამაშეები არ გვყოფნის. 3-4 ძირითადი შემადგენლობის მორაგბე რომ დაიმტვრევა, მაშინვე გვეტყობა, რადგანაც მათი სათანადო შემცვლელები არ გვყავს.
- 40-დღიანი დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდით და მაშინვე ტრავმა მიიღე.
- ტრავმა მანამდე, დისკვალიფიკაციის პერიოდში ვარჯიშისას მივიღე, კოჭთან მყესი გამიწყდა. ტკივილი ახლაც მაწუხებს, დაზიანება ბოლომდე ჯერ ვერ მოვიშუშე, მაგრამ საშიში არაფერია და თამაში შემიძლია.
- ტრავმის შემდეგ, "ალბისთან" მოედანს მატჩის გმირად დაუბრუნდით - ორი ლელო გაიტანეთ და ერთიც, თქვენი წამოწყებული კომბინაციის შედეგად გავიდა.
- გმირობის მსგავსი არაფერი ჩამიდენია, ერთი ჩვეულებრივი თამაში იყო.
- თქვენ ხან შერკინების მეორე ხაზში გათამაშებენ, ხან მესამეში. Pირადად, სად უკეთ გრძნობთ თავს?
- რა თქმა უნდა, მესამე ხაზში. ამ პოზიციას მეორე ხაზს არც შევადარებ და მწვრთნელს ამ თემაზე რამდენჯერმე ვესაუბრე, მაგრამ ახლა გუნდს მეორე ხაზში უჭირს, ჩემი დახმარება სჭირდებათ და ბოლო დროს მეორე ხაზში ამის გამო მაყენებენ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალ წელს "ტულონში" დაიწყებთ.
- არა, ტყუილია. "ტულონის" ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი და რაღაც შეთანხმებასაც მივაღწიეთ, მაგრამ იმის შანსი, რომ "ტულონში" გადავიდე, ძალიან მცირეა. კონტრაქტით ერთი წელი კვლავ "მონპელიეს" ვეკუთვნი და ალბათ, დარჩენა მომიწევს. "ტულონმა" ჩემი კონტრაქტი უნდა გამოისყიდოს, მაგრამ არა მგონია, "მონპელიეს" რაიმე თანხად ჩემი გასხვისება უღირდეს.
- გიორგი ჩხაიძეც გუნდში რჩება?
- კი, ჩხაიძესაც კიდევ ერთი წელი აკავშირებს "მონპელიესთან".
- ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, "მონპელიეში", მომავალ წელს, გოდერძი შველიძეც უნდა გადმოვიდეს.
- შველიძის ამბავს ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ მომავალი სეზონიდან ჩვენთან ითამაშებს ჟღენტი. დაგვემატება კიდევ ერთი ქართველი, ქუთაისელი ნარიაშვილი, მაგრამ ის ჯერ "ესპუარებში" (დუბლები) ითამაშებს, თუმცა ვარჯიშები ჩვენთან ერთად ექნება.
- სხვა ქართველების ტრანსფერებზე რას გვეტყვით?
- ვერაფერს, ნამდვილად არ ვიცი, ვინ რას აპირებს.
- რუსეთის ნაკრებთან არ გითამაშიათ, მაგრამ ბიჭებთან საუბარი გექნებოდათ.
- ყველამ თქვა, რომ სტადიონზე მაგარი ატმოსფერო იყო და წარმატების მიღწევაში მაყურებელი მაგრად დაგვეხმარაო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ნაკრებმა წელს სხვა თამაშებში თავი ვერ გამოიჩინა, რუსეთის წინააღმდეგ სხვა განწყობით გავიდნენ. ეს ყოველთვის ასე ხდება, მათთან მუდამ სხვა თამაში გვაქვს და მაყურებელმაც ისიამოვნა.
ზურა ქსოვრელი