რაგბი

12:59 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტულონმა” “ჰაინეკენის თასი” შეინარჩუნა

 

კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” გახდა მესამე გუნდი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო “ჰაინეკენის თასი” შეინარჩუნა.

კარდიფში, “მილენიუმზე” ინგლისური “სარასენსის” 23:6 დამარცხების შემდეგ, ის “ლესტერ ტაიგერსსა” და “ლენსტერს” გაუტოლდა. მეტ გიტოსა და ხუან სმიტის ლელოებს, ინგლისელმა ვარსკვლავმა ჯონი უილკინსონმა, რომელიც წელს რაგბიში უკანასკნელ სეზონს ატარებს, საკუთარ გუნდს 13 ქულა შესძინა და “ტულონს” თასი, რომელიც უკანასკნელად გათამაშდა, ზედიზედ მეორედ შეამართინა. ქართველ მოგარბეებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

უილკინსონს ამ მატჩში 100 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. ბრიტანულ მიწაზე მან უკანასკნელად ითამაშა, ორ-ორი ჯარიმა და გარდასახვა, ერთი არეკნი გაიტანა და კარიერის ბოლო მატჩს, რომელსაც 31 მაისს საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში გამართავს (“კასტრთან”), ამაღლებული განწყობით ხვდება.

“სარასენსმა” ვერ შეძლო იმ თამაშის ჩვენება, რომლითაც ნახევარფინალში “კლერმონი” დაამარცხა, არადა, დასაწყისი მათთვის იდეალური აღმოჩნდა, ოუენ ფარელიმ შანსი მიიღო და მე-3 წუთზე ჯარიმა უშეცდომოდ შეასრულა. ფრანგებმა მძლავრად უპასუხეს და ლელოსთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ანგარიშის გაზრდის შანსი კვლავ ინგლისელებს მიეცათ. მე-13 წუთზე მარსელო ბოშმა ჯარიმა ვერ გაიტანა, მერე ფარელის არეკნი და ჯარიმა გაუცუდდა, თანაც, ფერნანდეს ლობეს სინბინის გამო “ტულონი” 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, მაგრამ სწორედ ამ სიტუაციაში მოახერხეს ფრანგებმა ლელოს გატანა.

28-ე წუთზე ავსტრალიელი დრიუ მიჩელის გარღვევა ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე მეტრში ალექს გუდმა შეაჩერა, მაგრამ მას თანამემამულე მეტ გირო წამოეშველა და ლელო ალამთან გაიტანა. უილკინსონმა კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შესვენებამდე 3 წუთით ადრე მარჯვენა ფეხით არეკნი დაკრა, რითაც პირველი ნახევრის ანგარიში 10:3 დააფიქსირა. თამაშის განახლებიდან 5 წუთში ფარელიმ გასატანი პოზიციიდან ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ 53-ე წუთზე უილკინსონმა შორიდან საკუთარ გუნდს 7-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.

საათის თავზე მეტიუ ბასტარომ ხაზი გაჭრა და სმიტმა მარჯვენა კუთხეში ტულონელთა მეორე ლელო გაიტანა, ხოლო უილკინსონმა რთული პოზიციიდან ამჯერადაც ზუსტად გარდასახა და ანგარიში 20:3 გახდა. მალე ფარელი ბრაიან ჰაბანაზე დაჯარიმდა და ინგლისელმა 40 მეტრიდან კვლავ უშეცდომოდ დაარტყა, რითაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. “სარასენსი” ბევრს ეცადა, მაგრამ ბერნარ ლაპორტის შეგირდებმა ლელოს გატანის შანსიც კი არ მისცეს და “ჰაინეკენის თასის” მოგების შემდეგ, დუბლის შესრულების იმედი შეინარჩუნეს. 

 

“ჰაინეკენის თასი”. ფინალი. 24 მაისი

კარდიფი (უელსი). “მილენიუმი”. 67 578 მაყურებელი

სარასენსი (ინგლისი) - ტულონი (საფრანგეთი) 6:23 (3:10)

0.223716