ინტერვიუები

19:42 | 22.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

“Transfermarkt-ის ფასებით ხელმძღვანელობა არასწორია”

არის თუ არა გერმანულ ვებპორტალ Transfermarkt-ზე გამოქვეყნებული ფეხბურთელთა ფასები რეალური? ამის შესახებ არაერთ უცხოურ გამოცემას დაუწერია, რომ საქმე გვაქვს სავარაუდო ფასებთან, რომელსაც უშუალოდ კლუბები და აგენტები არ ადგენენ. და შესაბამისად, ამ ფასებით არ ხელმძღვანელობენ.
ნათელი მაგალითი: სანამ გარი კეჰილი “ბოლტონიდან” “ჩელსიში” გადავიდოდა, მისი ფასი Transfermarkt-ზე  14 მილიონი ევრო იყო, თუმცა “არისტოკრატებმა” მის სანაცვლოდ 8,4 მილიონი ევრო გადაიხადეს. ხორვატი ნიკიცა იელავიჩი “გლაზგო რეინჯერსიდან” “ევერტონმა”  წაიყვანა და 6,6 მილიონი გადაიხადა, როცა პორტალზე სავარაუდო ფასი 10,5 მილიონი იყო.
იგივე მოხდა სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში და თუნდაც ქართველი ლადო დვალიშვილის ტრანსფერზე ვთქვათ: “პოლონიამ” 250000 ევრო გადაუხადა “მაკაბის”, გერმანულ პორტალს კი გასაყიდი ფასი თითქმის სამჯერ მეტი ეწერა. გასაგებია, რომ დვალიშვილს კონტრაქტი მალე უმთავრდებოდა და ამიტომაც გაიყიდა შედარებით იაფად, მაგრამ კეჰილისა და იელავიჩის შემთხვევაში? ფასი ახლოსაც არ იყო რეალობასთან, განსხვავება ძალიან დიდი გამოდგა.   
ამ თემასთან დაკავშირებით, “მსოფლიო სპორტი” სააგენტო FAplayersagents-ის წარმოადგენელ მალხაზ მუსერიძეს დაუკავშირდა. მუსერიძის მეშვეობით, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მოხვედრილა უცხოურ გუნდში და ამ სფეროში გარკვეული ადამიანია:
-    Transfermarkt-ის ფასი: ეს არ ნიშნავს, რომ რა თანხაც წერია, ზუსტად იმდენს აფასებს კლუბი, ან ზუსტად იმდენად გაიყიდება. Transfermarkt-ს აქვს სავარაუდო საბაზრო ღირებულება, ანუ აქ გათვალისწინებულია ყველა ასპექტი: ასაკი, კლუბის დონე, ჩემპიონატის დონე, ზრდის პერსპექტივა, კონტრაქტის ხანგრძლივობა და ასე შემდეგ. მეორე, რაც მნიშვნელოვანია და რატომღაც არ იჯერებენ, ისაა, რომ ამ ფასებს არა მხოლოდ Transfermarkt-ის რედაქცია ადგენს, არამედ მანდ არის ფორუმები, ამ ფორუმებში გამოცდილი ბლოგერები და სპეციალისტები მუშაობენ, რომელთაც შეუძლიათ, საკუთარი მოსაზრებით შეაფასონ ფეხბურთელი. ანუ, ამა თუ იმ ფეხბურთელის ფასის აწევაზე ან დაწევაზე განაცხადის გაკეთება რომ მოგინდეს, საამისოდ ფორუმში წერის საკმაო გამოცდილება და ავტორიტეტი უნდა გქონდეს.
-    რამდენად სწორია, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე Transfermarkt-ზე გამოქვეყნებული რიცხვებით ვიხელმძღვანელოთ?
-    არასწორია. შესაძლოა, Transfermarkt-ზე ფასი  ეწეროს 5 მილიონი ევრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამდენად გაიყიდება. შესაძლოა, 10 მილიონად გაიყიდოს, ან პირიქით – 800000-იც არ გადაიხადონ.
ილია ნანობაშვილი
 

0.116667