იტალიური “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი აცხადებს, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, ის ჩემპიონთა ლიგასა და “ოქროს ბურთს” რამდენჯერმე მოიგებდა, მაგრამ 36 წლის ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში დარჩენას მაინც არ ნანობს.
“მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ჩემით ევროპის საუკეთესო კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი. თუმცა, “რომაში” დარჩენას ვამჯობინებდი. რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე არც უნდა მეოცნება.
“რეალში” რომ გადავსულიყავი, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგას 3-ჯერ მოვიგებდი, რამდენჯერმე “ოქროს ბურთსაც” ავიღებდი და კიდევ არაერთ ტიტულს დავესაკუთრებოდი. მიუხედავად ამისა, სულაც არც ვნანობ, რომ არსად წავედი. მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ “რომასთან” ერთად სკუდეტო კიდევ ორჯერ-სამჯერ ვერ მოვიგე.” – ციტირებს ტოტის სიტყვებს France Football-ი.
ფრანჩესკო ტოტი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში “რომაში” თამაშობს. “ჯალოროსისთან” ერთად მან ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, ხოლო ორ-ორჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. რაც შეეხება “ოქროს ბურთს” – ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში მისი საუკეთესო შედეგი მე-5 ადგილია. ეს 2001 წელს მოხდა.