დავიწყოთ ისე, როგორც ბოლო დღეებში ინგლისის ამბებს ვიწყებთ ხოლმე: ევროპის ლიგის პლეი ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქემ, ლონდონის ”ტოტენჰემმა” წლევანდელ პრემიერლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. მეტოქე ელიტაში წლეულს დაბრუნებული ლონდონისვე “კრისტალ პალასი” გახლდათ.
“ტოტენჰემის” სასტარტოში 3 ახალწვეული გამოჩნდა: ბელგიელი ნასერ შადლი, ბრაზილიელი პაულინიო და ესპანელი რობერტო სოლდადო. მეორე ტაიმში მათ შეცვლაზე შესული ფრანგი ეტიენ კაპუეც დაემატა. განლაგება კი ასეთი იყო: დაცვაში - მარცხნივ როუზი, მარჯვნივ უოლკერი, შუაში ვერტონგენი და დოუსონი, საყრდენები – დემბელე და სიგურდსონი, ოდნავ წინ პაულინიო. მარცხენა ნახევარმცველი შადლი, მარჯვენა – ლენონი. გამოკვეთილი თავდამსხმელი კი სოლდადო.
Lლონდონური დერბის პირველი ტაიმი “ტოტენჰემის” ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ალბათ 35-ე წუთზე შეიქმნა, როცა საჯარიმოს სიახლოვეს ლენონმა ბურთი სიგურდსონს დაუგორა და ისლანდიელმაც ძალიან სახიფათოდ დაარტყა, თუმცა კრისტალელთა არგენტინელმა მეკარემ, ხულიან სპერონიმ იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
“დეზებმა” მეორე ნახევრის დასაწყისშივე გახსნეს ანგარიში. ლენონმა მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდა საჯარიმოში, ბურთი დინ მოქსის მოხვდა ხელზე და სოლდადომ უნაკლოდ შეასრულა პენალტი. ესეც ესპანელის პირველი გოლი პრემიერლიგაში. 69-ე წუთზე სოლდადოს დუბლის შესრულებაც შეეძლო, როცა მასპინძელთა მცველს ფეხი დაუცდა და ბურთი ლენონმა მოიხელთა, აარონმა იქვე მყოფ სოლდადოს დაუგორა, მაგრამ ესპანელის დარტყმული სანტიმეტრებში ასცდა “კრისტალ პალასის” კარს,
ბოლოსკენ ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შანსი. ტოტენჰემელთაგან შეცვლაზე შესული დეფო აქტიურობდა, მასპინძელთაგან კი სამხრეთ აფრიკელმა კახიშო დიკხაჩოიმ დაარტყა ძალიან სახიფათოდ, მაგრამ ლორისმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ “ტოტენჰემი” კლასით აშკარად სჯობდა “კრისტალ პალასს” და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
თამაშის შემდეგ “დეზების” დამრიგებელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა თქვა: “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ. ახალწვეულებიც მომეწონა. მოგეხსენებათ, მათ ჯერ კარგად არ ვიცნობთ, თუმცა შესანიშნავად ითამაშეს.”
ბელგიელმა მცველმა იან ვერტონგენმა კი დაამატა: “კარგად ვითამაშეთ. მართალია, მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მომავალში მეტს შევაგდებთ. ახალწვეულებიც ჩინებული ბიჭები არიან. რობერტომ გაიტანა, დანარჩენებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი. ახლა ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.”
შემდეგი მატჩი კი “დეზებს” 22 აგვისტოს, თბილისში აქვთ, თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ.
ტრიუმფალური გამოდგა ჟოზე მოურინიოს “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნება. “ჩელსის” ფანებმა დიდებული შეხვედრა მოუწყვეს მას. გუნდმა კი ჩინებული ფეხბურთი ითამაშა და წყნარად, კლასის ხარჯზე დაამარცხა პრემიერლიგის კიდევ ერთი ახალწვეული “ჰალ სიტი.” ფაქტობრივად, მასპინძლებმა პირველი 25 წუთი ითამაშეს მთელი ძალით, შემდეგ კი ყველაფერი ოსტატობის ამბავი იყო. თუმცა “არისტოკრატებისთვის” თავიდან ყველაფერი ცუდად დაიწყო, მე-6 წუთზე ფრენკ ლამპარდმა პენალტი ვერ გაიტანა, სტუმართა მეკარემ, ალან მაკგრეგორმა მოიგერია. “ლურჯები” ამას არ დაუბნევია და მალე ოსკარმა გახსნა ანგარიში. შემდეგ ლამპარდმა “ცოდვა” გამოისყიდა და ულამაზესი საჯარიმო დარტყმით მეორე გოლი გაიტანა.
კრისტალ პალასი – ტოტენჰემი 0:1 (0:0)
ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 28 235
კრისტალ პალასი: სპერონი, გებიდონი, დილეინი, მოქსი, უორდი, გარვანი (შამახი 66), იედინაკი, დიკხაჩოი, დობი (უილიამსი 66), უილბრეჰემი (ფილიპსი 66), გეილი
მწვრთნელი: იან ჰოლუეი
ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, როუზი (კაბული 85), უოლკერი, ლენონი, დემბელე (კაპუე 57), პაულინიო, სიგურდსონი, სოლდადო (დეფო 83), შადლი
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
გოლი: 0:1 სოლდადო (50 პენ)
გაფრთხილება: იედინაკი (90)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 3(2)-3(15),ჯარიმა: 5-8, კუთხური: 3-7, თამაშგარე: 4-0, სეივი: 2-3
ჩელსი – ჰალ სიტი 2:0 (2:0)
ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 374
ჩელსი: ჩეხი, ეშლი კოული, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ლამპარდი, რამირესი, აზარი, ოსკარი (ვან გინკელი 84), დე ბრიუინი (შურლე 67), ფერნანდო ტორესი (ლუკაკუ 75)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგეროა, დევისი, ჩასტერი, კორენი, ალუკო (ბოიდი 79), ელ მოჰამედი, მეილერი (ჰადლსტოუნი 59), საგბო, გრემი (ლივერმორი 59), ბრეიდი
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლები: 1:0 ოსკარი (13), 2:0 ლამპარდი (25)
მე-6 წუთზე ლამპარდმა ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი
გაფრთხილება: მეილერი (40)
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 6(17)-2(5), ჯარიმა: 8-16, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-4
19 აგვისტო: “მანჩესტერ სიტი” – “ნიუკასლი”
მეგოლეები:
2 – რობინ ვან პერსი (“მანჩესტერი”), დენი უელბეკი (“მანჩესტერი”), კრისტიან ბენტეკე (1, “ასტონ ვილა”)