ლონდონის “ტოტენჰემის” გულშემატკივრები, კლუბის პრეზიდენტ დანიელ ლევისგან, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ანდრე ვილაშ-ბოაშის დათხოვნის მიზეზებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას და კლუბის სამომავლო გეგმებზე ინფორმაციას ითხოვენ.
წარუმატებელი სერიის შემდეგ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, “ტოტენჰემი” პორტუგალიელ სპეციალისტს ორშაბათს დაემშვიდობა და მის ნაცვლად ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალისტთა მთელი კოჰორტა დაინიშნა, რომელშიც ტიმ შერვუდი, კრის რემსი და ლეს ფერდინანდი შედიან. მიუხედავად ასეთი გადაადგილებისა, 18 დეკემბერს გუნდი საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემთან” 1:2 დამარცხდა და ლიგის თასის გათამაშებას დაემშვიდობა.
“ორშაბათს დილით ვილაშ-ბოაშის წასვლისა და ლიგის თასზე გუნდის “ვესტ ჰემთან” მარცხის შემდეგ, “ტოტენჰემის” გულშემატკივრები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ დანიელ ლევისგან მოისმინონ ის მიზეზები, ის რის გამოც პორტუგალიელი სპეციალისტი დაითხოვა და ასევე, გაიგონ როგორი იქნება კლუბის სამომავლო გეგმები. ვფიქრობთ, გულშემატკივართა იმედგაცრუებისა და გაღიზიანების ფონზე, ჩვენი მოთხოვნა სრულებით გამართლებულია” - წერია გულშემატკივართა განცხადებაში, რომელიც Sky Sports-მა გამოაქვეყნა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შესაფერისი კანდიდატურის ძიებას განაგრძობს. შესაძლო მთავარ მწვრთნელთა შორის ჰოლანდიელები - ფრანკ დე ბური, გუს ჰიდინკი და რონალდ კუმანი სახელდებიან.