ჩრდილოლონდონური “ტოტენჰემის” განსაკუთრებით წარდგენა ჩვენს გულშემატკივრებს, ალბათ, არ სჭირდებათ. ერთხელ, 1973/74 წლების სეზონის უეფას თასის გათამაშებაში “დეზები” თბილისის “დინამოს” უკვე დაუპირისპირდნენ და ერთობ ცუდი მოსაგონარი დაგვიტოვეს. თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ.
1882 წელს დაარსებული “ტოტენჰემი” მე-20 საუკუნეში პირველი ინგლისური კლუბი შეიქნა, რომელმაც 1960/61 წლებში “ოქროს დუბლი” (ქვეყნის ჩემპიონობა და თასი) შეასრულა. 1963 წელს კი “დეზები” პირველი ბრიტანული კლუბი გახდნენ, რომელმაც ევროთასი მოიპოვა. მაშინ თასების თასის ფინალში “ტოტენჰემმა” მადრიდის “ატლეტიკოს” 5:1 მოუგო. ეს იყო ლეგენდარული მწვრთნელის, ბილ ნიკოლსონის ეპოქა. 1972 წელს “ტოტენჰემმა” უეფას თასი მოიპოვა (იგივე გაიმეორა 1984 წელსაც), 1973/74 წლების გათამაშების მერვედფინალში კი ჩვენს “დინამოს” შეხვდა. თბილისში, 28 ნოემბერს, “ლოკომოტივის” სტადიონზე მატჩი ფრედ - 1:1 დამთავრდა, პირველ ტაიმში კოუტსის გატანილს, თბილისელებმა კახი ასათიანის 71-ე წუთზე შეგდებული გოლით უპასუხეს. მეორე შეხვედრაში კი, 12 დეკემბერს, “უაით ჰართ ლეინზე”, რატომღაც წითელი მაისურებით მოასპარეზე დინამოელებს, “დეზებმა” კოშმარი მოუწყვეს – 5:1 მოუგეს და მერე ფინალამდე მივიდნენ, სადაც ორი მატჩის ჯამში ჰოლანდიურ “ფეიენოორდთთან” დამარცხდნენ. სხვათა შორის, საპასუხო მატჩში, როტერდამში, “ტოტენჰემმა” 0:2 წააგო, მერე მისმა გულშემატკივრებმა ქალაქში დებოში მოაწყვეს, რის შემდეგაც 200-მდე ჰოლანდიელი ქომაგი დაშავდა, ბილ ნიკოლსონი კი გადაგა.
სხვადასხვა დროს გუნდში მსოფლიო დონის ვარსკვლავებს უთამაშიათ. თუნდაც დენი ბლენჩფლაუერის, ჯიმი გრივსის, მარტინ პიტერსის, ოზი არდილესის, გლენ ჰოდლის, პატ ჯენინგსის, გარი ლინეკერის, კრის უოდლის, დავიდ ჟინოლას, იურგენ კლინსმანის, ტედი შრინგემის, პოლ გასკოინისა და რობი კინის სახელები რამდენს ნიშნავს.
მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიაა. დღევანდელი “ტოტენჰემი” კი, ფაქტობრივად, ჰარი რედნაპის შექმნილია, რომელიც 2012 წლის აგვისტოში “ჩელსიდან” დათხოვილმა პორტუგალიელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა შეცვალა. მისი ხელმძვანელობით, 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე გუნდმა ზედიზედ 12 წაუგებელი მატჩი ჩაატარა (8 მოგება და 4 ფრე). გასულ სეზონში კი სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად - მე-4 ადგილზე გასულ “არსენალს” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.
გუნდის ლიდერები არიან: აარონ ლენონი, სკოტ პარკრი, ბელგიელები იან ვერტონგენი და მუსა დემბელე, კამერუნელი ბენუა ასუ-ეკოტო და რა თქმა უნდა, უელსელი გარეთ ბეილი.
ამ ზაფხულს მთავარი ამბავი კი კლუბის და ალბათ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფებურთელის, ბეილის მადრიდის “რეალში” გადასვლა-არგადასვლის საგაა. ყოველდღიურად ჩნდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები. ბოლო მონაცემებით, კლუბის პრეზიდენტი დენიელ ლევი მასში 100 მილიონ ევროს ითხოვს. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია, როგორ დამთავრდება მოლაპარაკებები. ასე რომ, პატარა, მაგრამ არსებობს შანსი “გენიალური უელსელი” “დინამო არენაზე” ვიხილოთ.
სხვა მხრივ, გუნდი დატოვეს ამერიკელმა კლინტ დემპსიმ და ფრანგმა ვილიამ გალასმა. სამაგიეროდ, შეიძინეს ახლახან დამთავრებული კონფედერაციათა თასის ერთ-ერთი გმირი, 24 წლის ბრაზილიელი პაულინიო. “დეზებმა” “კორინთიანსს” მასში 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს. ასევე გადაიბირეს “ვალენსიას” 28 წლის ესპანელი შემტევი რობერტო სოლდადო, რომელმაც შარშან შემოდგომაზე თბილისში ესპანეთის ნაკრების ყოფნისას ერთადერთი გოლი გაგვიტანა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ლონდონელებმა მასში 30 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
3 აგვისტოს უბეილო “ტოტენჰემმა” “მონაკოსთან” ამხანაგურად 2:5 წააგო. ამ შაბათს შინ “ესპანიოლს” შეხვდება. 17 აგვისტოს კი, პირველ ტურში, პრემიერლიგაში წლეულს აღზევებულ სამხრეთლონდონურ “კრისტალ პალასს” ესტუმრება.