ფეხბურთი

11:33 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” “ესპანიოლს” დაუზავდა

ვილაშ-ბოაში თავისი გუნდით კმაყოფილია

ევროპალიგის პლეი ოფში თბილისის “დინამოს” მეტოქემ, ლონდონის “ტოტენჰემმა,” წუხელ, შინ ამხანაგური მატჩი გამართა კატალონურ “ესპანიოლთან.” “დეზების” ბანაკში რამდენიმე სიახლე იყო, მაგალითად, “ტოტენჰემის” მაისურით პირველად გაიტანა ექსვალენსიელმა რობერტო სოლდადომ, ზაფხულის სამივე შენაძენმა - სოლდადომ, ბრაზილიელმა პაულინიომ და მაროკოული წარმოშობის ბელგიელმა ნასერ შადლიმ - სასტარტოში ითამაშა. ასევე გამოჩნდა ჭაბუკი ზეკი ფრაიერსი (სრული სახელია ეზეკილ დევიდ ფრაიერსი), რომელსაც ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშევი პირველის გარდა.

Gგუნდს ასევე დაუბრუნდნენ ტრავმამოშუშებული ფრანგი მცველი იუნეს კაბული (რომელსაც შარშან აგვისტოდან აღარ უთამაშია) და ბრაზილიელი ნახევარმცველი, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი - სანდრო.

Uუკვე მე-5 წუთზე პაულინიოს შეეძლო თავის გამოჩენა, როცა სიგურდსონის საჯარიმო დარტყმას თავი შეაგება და გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდაც დაარტყეს. 29-ე წუთზე კი კატალონიელთა მცველმა ხავი ლოპესმა საკუთარ საჯარიმოში ყირამალაზე დააყენა დენი როუზი და სოლდადომ ზუსტად დაარტყა პენალტი 1:0. ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გაათანაბრეს, პიცის მოწოდებულ საჯარიმოს დავიდ ლოპესმა თავი დაუხვედრა და უგო ლორისი უძლური იყო – 1:1.

“ტოტენჰემის” მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში თამაშით კმაყოფილი დარჩა: “რამდენიმე დადებითი ასპექტი შეგვიძლია გამოვყოთ, თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლოა, მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან არა ერთი მწყობრი კომბინაცია გავითამაშეთ და მაყურებელს საინტერესო ფეხბურთი შევთავაზეთ. “უაით ჰარტ ლეინმა” პირველად ნახა სოლდადო, პაულინიო და ნასერი. დაგვიბრუნდნენ კაბული და სანდრო. ასევე, ტრავმის შემდეგ მაიკლ დოუსონმა პირველად ითამაშა 90 წუთი. ვფიქრობ, მომავალ კვირას, პრემიერლიგის პირველ ტურში “კრისტალ პალასთან” სათამაშოდ მზად ვართ,” – განაცხადა მატჩის შემდეგ ვილაშ-ბოაშმა.

Dდა ბეილი? ამჯერად უელსელი მინდორზე არ გამოჩენილა, ბოაში ამბობს, მცირე ტრავმა აქვსო, თუმცა ყველამ იცის, რომ აქ სხვა რამეშია საქმე. დღე-დღეზე მისი მადრიდის “რეალში” გადასვლის ამბავი უნდა გადაწყდეს.

ტოტენჰემი – ესპანიოლი 1:1 (1:1)

10 აგვისტო. ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 35 739

ტოტენჰემი: ლორისი (ფრიდელი 60), უოლკერი, დოუსონი, ფრაიერსი (კაბული 46), როუზი (ნოგტონი 77), პაულინიო (სანდრო 60), დემბელე (ჰადლსტოუნი 72), ლენონი (თაუნსენდი 72), სიგურდსონი, შადლი (სტიუარტი 88), სოლდადო (დეფო 60)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

ესპანიოლი: კასილა, ხავი ლოპესი, მორენო, კოლოტო, ფუენტესი, დავიდ ლოპესი, სანჩესი, სტუანი (ლანსაროტე 88), სიმაო (კლერკი 60), პიცი (აბრაჰამი 82), გარსია (ბიფუმა 66)

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლები: 1:0 სოლდადო (პენ, 29), 1:1 დავიდ ლოპესი (44)

გაფრთხილება: თაუნსენდი (85); სანჩესი (78)

მსაჯი: ანდრე მარინერი

0.132861