ლონდონის “ტოტენჰემი”, გუნდის ლიდერის, გარეთ ბეილის შენარჩუნების მიზნით, მზადაა, ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგოს. აღნიშნულ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, გარეთ ბეილმა თამაშს ისე უმატა, არაერთი ევროპული გუნდის სამიზნე გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის უელსელი ვარსკვლავის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”. როგორ ცნობილია, “ტოტენჰემი” ფეხბურთელს 60 მილიონ ფუნტად აფასებს და ამის პარალელურად, ლონდონელები მის შენარჩუნებაზეც ზრუნავენ.
ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, “დეზები” მზად არიან გარეთ ბეილს ახალი კონტრაქტი შესთავაზონ და მას ხელფასის სახით კვირაში 170 ათასი ფუნტი დაუნიშნონ, რაც უელსელის ამჟამინდელ გასამრჯელოს თითქმის 2-ჯერ აღემატება.
ბეილმა, რომელსაც “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში, 43 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.