ფეხბურთი

21:49 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” საჭირო გამარჯვება”

ხანგრძლივი ცივი დღეების შემდეგ, იმერულ დერბს “ქუთაისსა” და “ზესტაფონს” შორის კარგი სათამაშო ამინდი დაემთხვა. ალბათ, ბოლო წლებში, ასეთი უმოტივაციო თამაში ამ გუნდებს შორის არ ყოფილა. პირიქით, აღნიშნულ პერიოდში, მათი მატჩები უშეღავათო და პრინციპული ნიშნით გამოირჩეოდა. დღევანდელ თამაშს კი, გარკვეულწილად, ინტრიგა აკლდა. მართალია, ქუთათურები იბრძვიან საპრიზო ადგილებისთვის, მაგრამ სამაგიეროდ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან უმოტივაციოდ. მოგეხსენებათ, განახლებულ ეროვნულში, ფეროელებს ჯერჯერობით გამარჯვება არ მოუპოვებიათ. შესაბამისად, ისინი გამარჯვების წყურვილით კი არიან შეპყრობილნი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ამბიციურ კლუბს აღარ აქვს სატურნირო  მოტივაცია, რადგანაც წარუმატებელი მატჩების შემდეგ, მათ საპრიზო ადგილების დაკავების შანსი არ აქვთ.

შეხვედრა მოწინააღმდეგეებმა საშუალო ტემპში დაიწყეს. სადებიუტო წუთებმა ისე ჩაიარეს, რომ მეტოქეთა კიპერებამდე ბურთი, ფაქტობრივად, არ მისულა. საერთოდ, პირველმა ტაიმმა ძალზე უინტერესოდ ჩაიარა. მეტოქეებმა ინერტულად ჩაატარეს ტაიმის დიდი ნაწილი და მხოლოდ ბოლო წუთებზე გააქტიურდნენ. საწყის ათ წუთში, მხოლოდ კუთხურები გაცვალეს გუნდებმა. პირველად თამაშში რეალურად ჩართვა ქუთაისელთა კიპერს, მიგინეიშვილს მოუწია. მე-15 წუთზე, სტუმართა კაპიტანმა აფციაურმა, მახვილი კუთხიდან სტანდარტული ისე ჩააწოდა, რომ არა მიგინეიშვილის თავდადებული გარჯა, ანგარიში, ალბათ, გაიხსნებოდა - ტორპედოელთა კარის დარაჯმა გაჭირვებით შეძლო კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა.

ამის შემდეგ, მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ. რამდენიმეჯერ მათ ხესაყრელი მომენტები შექმნეს, მაგრამ საბოლოო დარტყმა არ გამოდიოდათ. ერთხელ, ქუთათურებმა გატანაც მოახერხეს, მაგრამ ასისტენტმა თამაშგარე დააფიქსირა და მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. თავის მხრივ, უქმად არც ზესტაფონელები ყოფილან. 34-ე წუთზე ბაბუნაშვილმა დაარტყა გამოზომილად, დაახლოებით 22 მეტრიდან, მაგრამ მიგინეიშვილმა ადგილი სწორად შეარჩია და ბურთსაც დაეუფლა.

ტაიმის დასკვნით ნაწილში გუნდები შედარებით გააქტიურდნენ. 37-ე წუთზე, მასპინძლებმა ყველაზე რეალური მომენტი შექმნეს. ელგუჯა გრიგალაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო ზესტაფონელთა კარის ძელმა აისხლიტა. მართალია, კვასხვაძემ ნახტომი გააკეთა, მაგრამ ბურთს ვერ მიწვდა. 41-ე წუთზე ლოსანომ გადაგზავნა კეფით ბურთი ტორპედოელთა კარისკენ. ეს ბურთი ასაღებად იოლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ხარიხას ოდნავ გადაცდა. სულ მალე, ბერიაშვილს ჰქონდა სტუმართა საჯარიმოში შანსი, მაგრამ ნახტომში თავური დარტყმა ზუსტად არ გამოუვიდა. სიზუსტე არ აკლდა, მაგრამ გოლი მაინც არ გასულა კვერნაძის გარღვევის და დარტყმის შემდეგ. ახალგაზრდა ფორვარდის მცდელობას მიგინეიშვილი გადაეღობა.  

მეორე ტაიმი წინამორბედის მსგავსად დაიწყო. გუნდები ისევ ვერ ახერხებდნენ სახიფათო მომენტების შექმნას, თუმცა 56-ე წუთზე, მასპინძლებმა პენალტის დარტყმის საშუალება მიიღეს. თერთმეტმეტრიანი კი ბერიაშვილის წაქცევას მოჰყვა, რომელმაც მოედნის შუაგულიდან კუხიანიძისგან იდეალური გადაცემა მიიღო. ქუთაისელთა ფორვარდმა წამით დაასწრო მეკარეს და გაცდენას აპირებდა, როდესაც კვასხვაძემ წააქცია. არბიტრმა საქართველოს ნაკრების კიპერს ყვითელი ბარათი უჩვენა და პენალტიც დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად კუხიანიძემ შეასრულა, თუმცა მას ორჯერ მოუხდა ამის გაკეთება, რადგან პირველი დარტყმის დროს, ერთ-ერთი ქუთაისელი ვადაზე ადრე შევიდა მოწინააღმდეგის საჯარიმოში - 1:0.

სულ მალე, ქუთათურებმა ისევ შექმნეს სახიფათო მომენტი. ამჯერადაც, მეტოქის საჯარიმოში ბერიაშვილი აქტიურობდა, თუმცა მის გამჭოლ გადაცემას არავინ გამოეხმაურა. ანგარიშში ჩამორჩენამ ზესტაფონელებიც გამოაცოცხლა, რომლებიც ზედიზედ ორჯერ, თავურით დაემუქრნენ მასპინძელთა კარს. ფეროელთა ორივე მცდელობა, ლოსანოსა და ბოტი დემელისგან, მიგინეიშვილმა გაანეიტრალა.

თანდათანობით, თამაში ისევ ძველ რიტმში გაგრძელდა. ვერ ვიტყვით, რომ გუნდები თავს ზოგავდნენ, მაგრამ რეალურ სახიფათო მომენტებს ვერ ჰქმნიდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოწინაღმდეგეები შორი მანძილიდან დაემუქრნენ ერთმანეთს, მაგრამ საქმე გოლამდე არ მისულა. მატჩის ეპილოგში, ზესტაფონელებმა რამდენჯერმე მოიპოვეს სტანდარტულის ჩაწოდების უფლება, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შეძლეს კარის ჩარჩოში ბურთის მოხვედრა. შეხვედრის ბოლოს მცირე ინციდენტი მოხდა ზესტაფონელთა ლეგიონერ ბოტი დემელსა და ერთ-ერთ ტორპედოელს შორის, თუმცა არბიტრმა მალევე ჩააცხრო სიტუაცია. საერთო ჯამში, გვანცელაძეს 8-ჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ჩვენება, თუმცა მატჩში გამოკვეთილი უხეშობა ნაღდად არ ყოფილა. საბოლოოდ კი, “ტორპედომ” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა, ხოლო “ზესტაფონმა” ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში ვერ შეძლო გოლის გატანა.   

 

 “ტორპედო” – “ზესტაფონი” 1:0  (0:0)

27 აპრილი. 18:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 2000 მაყურებელი

“ტორპედო”: მიგინეიშვილი, ტაბატაძე, რიგვავა, ზაზა ჭელიძე, გიორგი გურული, გიგაური, კუხიანიძე, გიორგი დათუნაიშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი (კაკუშაძე, 90+4), ბერიაშვილი (ტუღუში, 60), დოლიძე (ფირცხალავა, 72).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, ღონღაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი (შარიქაძე, 29), ბაბუნაშვილი, იელიჩი, აფციაური, ბენაშვილი (კუტალია, 81), რაჟამაშვილი (ბოტი დემელი, 61), კვერნაძე. 

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 1:0 კუხიანიძე (57,პენალტით),

გაფრთხილება: რაჟამაშვილი (20), ბენაშვილი (43), კვასხვაძე (56), ფირცხალავა (79), ელგუჯა გრიგალაშვილი (88), კუტალია (89), ბოტი დემელი (90+2), მიგინეიშვილი (90+2).

არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე (სამტრედია)


0.265118