სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:53 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” ისევ “ვისოლი” უპატრონებს”

 ორ დღეში სტარტს აიღებს საქართველოს XXVI საფეხბურთო ჩემპიონატი, რომლის დაწყებაც ერთ-ერთი ყველაზე “ხმაურიანი” იქნება. ვგულისხმობთ იმ მომენტს, რომ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ახლა ჩემპიონატში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რასაც საფეხბურთო საზოგადოების საკმაო ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ამ სიტუაციას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ საფეხბურთო კლუბების დიდ ნაწილს ფინანსური პრობლემები გააჩნია. ასეთ კლუბთა შორის მოიხსენიებდნენ ქვეყნის სამგზის ჩემპიონს ქუთაისის “ტორპედოს”, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილი თავკაცობს. ქუთათურები მისი ხელმძღვანელობით დიდი ხანია ემზადებიან ახალი პირველობისათვის, თუმცა გარკვეული არ იყო კლუბის მეპატრონის ბედი. როგორც გუშინ გაირკვა, საბოლოოდ ეს საკითხი გადაწყდა და ახალ ჩემპიონატში “ტორპედოს” კომპანია “ვისოლი” უპატრონებს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დავუკავშირდით ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელს რევაზ ძოძუაშვილს და მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ბ-ნო რეზო, კლუბის მეპატრონის ვინაობა საბოლოოდ გადაწყდა?

- ყველას მოეხსენება გუნდი საკმაო ხანია ემზადება ახალი ჩემპიონატისთვის. “ტორპედოში” თავი მოიყარეს საკმაოდ გამოცდილმა და სახელიანმა ფეხბურთელებმა. სამწუხაროდ, დღემდე გაურკვევლობაში ვიყავით მათთან მიმართებაში. ბუნებრივია, არ გვინდოდა ბიჭებისთვის ცრუ დაპირებები მიგვეცა. ის თანხა რაც ფედერაციიდან უნდა მიიღოს კლუბებმა გუნდის შესანახად საკმარისი ვერ იქნება. ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების გამო ქალაქის ხელმძღვანელობას საკმარისი დრო არ ჰქონდა გუნდისთვის მეტი დრო გამოენახა. მოგეხსენებათ, საერთოდ საფეხბურთო გუნდი სიღარიბეს ვერ იტანს. ფეხბურთელებს ჭირდებათ თანადგომა, კვება, მედიკამენტები. ამიტომაც, ახლა როცა ჩემპიონატი იწყება იძულებული გავხდით მათთვის მიგვემართა. ქალაქის ხელმძღვანელები კი სიტუაციის გარკვევაში დაგვეხმარნენ. უკვე გადაწყდა, რომ კლუბის მეპატრონე ახალ სეზონში კვლავ კომპანია “ვისოლი” იქნება. ყველაფერი გადაწყდა ისე, რომ სპორტულ პრინციპებს გაემარჯვა. მართალია, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სხვა კლუბებს აღვემატებით ფინანსური შესაძლებლობებით, მაგრამ უკვე შეგვიძლია ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმება.

- ეს ფინანსური მდგომარეობა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება?

- იმედია, ჩემპიონატის დასრულებამდე გუნდს ეს პრობლემები არ ექნება, მაგრამ ჯერჯერობით გადაჭრით ამის თქმა არ შეგვიძლია. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ჩვენ შევძელით დიდი სამუშაოების ჩატარება, რითაც ბევრი ადამიანი დავაინტერესეთ. ფეხბურთს შეუძლია მომგებიანი გახდეს, ოღონდ ამას დრო და სწორად მუშაობა ჭირდება. შემდეგ კი აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც გუნდს ყველანაირად წაადგებიან.  

- შეგვიძლია იმის თქმა, რომ “ტორპედო” ამბიციური კლუბი იქნება?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ შეიძლება ისეთი ფინანსური შესაძლებლობები არ გვქონდეს, როგორც სხვა კლუბებს, მაგრამ ჯანსაღი ამბიციების გარეშე “ტორპედო” უბრალოდ წარმოუდგენელია. კლუბმა და ქალაქმა, რომელმაც რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გაზარდა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით გაითქვეს სახელი, არ აქვს უფლება უამბიციო გუნდი იყოლიოს. ამ გაურკვევლობის პერიოდში სწორედ ეს იყო ამ ბიჭებისათვის მოტივაციის ასამაღლებლად გამოყენებული. მე მინდა რომ ჩემზე უკეთესმა მარჯვენა მცველმა ითამაშოს ახლა “ტორპედოში”. ყველანაირად შევეცდები ამ ბიჭებს დავეხმარო, რათა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება უკეთ მოახდინონ.    

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11927