ქუთაისის “ტორპედოს” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მას მერე რაც კომპანია “ვისოლმა” “ტორპედოს” დაფინანსება შეწყვიტა, პაპიაშვილი კლუბის ახალ ხელმძღვანელობას ყველა საჭირო დოკუმენტაციას გადააბარებს და თავადაც წავა.
“ვფიქრობ, ჩემგან რეკომენდირებული არ იქნება “ტორპედოში” განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ საუბარი. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ გადაბარების პროცესში ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე შევასრულებ და მაქსიმალურად შევეცდები, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს ყოველივე.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ქუთაისელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ მართლაც წვიმასა და ქარში ერთად ვიდექით გუნდის საკეთილდღეოდ. მინდა იცოდეთ, რომ თუ რომელიმე ქართულ კლუბს ვგულშემატკივრობ, ჩემთვის პირველი ყოველთვის “ტორპედო” იქნება. ძალიან მინდა, რომ 9 მარტს თბილისის „დინამოსთან“ თამაშზეც ჩამოვიდე და მხარი დაგიჭიროთ.
საერთოდ სენტიმენტალობა არ მახასიათებს, მაგრამ ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის დატოვება. აქაურობა ჩემი მეორე სახლი იყო. მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ “ტორპედოსა” და ზოგადად ქუთაისს" – განაცხადა პაპიაშვილმა.
fctorpedo.ge-ს ფოტო