ფეხბურთი

19:34 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” “მერანთან” გაივაკა

რევაზ ძოძუაშვილის “ტორპედოში” მისვლის შემდეგ, ქუთაისელებს ამხელა სხვაობით ჯერ არ მოუგიათ. რიონისპირელთა თავკაცმა, ყოფილ შეგირდ ზურაბ იონანიძეს “დუელში” პირწმინდად აჯობა, რაც ანგარიშში სრულად აისახა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა ქუთაისელთა ახალგაზრდა ფორვარდმა ოთარ კვერნაძემ, რომელმაც კარიერაში უმაღლეს ლიგაში პირველი დუბლი მიითვალა და ჰეთ-თრიქის გაფორმებასთანაც ახლოს იყო.

ქუთაისელები საქმეს თავიდანვე “შეუდგნენ” და შედეგმაც არ დააყოვნა. მე-14 წუთზე, მათი კონტრშეტევის დროს, თენგიზ ჩიკვილაძემ კარგი პასი მისცა კვერნაძეს, რომელიც ჯერ ვალერი იობაშვილს გასცდა, შემდეგ კარიდან გამოსულ ზურაბ მამალაძეს და ანგარიში გახსნა.

33-ე წუთზე, ირაკლი ლექვთაძე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და დიაგონალური პასით მოწინააღმდეგის საჯარიმოში თემურ მარკოზაშვილი მოძებნა, რომელიც პაპუნა ფონიავამ წააქცია და ოთარ ხეცაძემ პენალტი დანიშნა. “დაზარალებულმა” თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 2:0.

მე-40 წუთზე, ალექსი ბენაშვილმა “ტორპედოს” საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად დაარტყა და როინ კვასხვაძემ ბურთი “ცხვირწინ” მოიგერია, ხოლო დამატებაზე ლევან გეგეჭკორმა გაიტანა.

ბოლო მატჩებისგან განსხვავებით, ძოძუაშვილმა ტრადიცია დაარღვია და პირველ ტაიმში ფეხბურთელი არ შეცვალა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ მარტვილელთა საჯარიმოში დასარტმელ პოზიციაზე აღმოჩენილმა ლექვთაძემ შანსი გამოიყენა და ლამაზი გოლი გაიტანა – 3:1.

მალევე, ბენაშვილმა ქუთაისელთა საჯარიმოში კარგად შენიშნა გეგეჭკორი, რომლის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი კვასხვაძემ მოიგერია. მეორე ტაიმის შუაწელში, “ტორპედოს” საჯარიმოში შესულმა შოთა ბაბუნაშვილმა ბურთი შორეულ კუთხეში მოჭრა და მიზანს სანტიმეტრებით ააცილა.

76-ე წუთზე, მარცხნიდან გელა ხუბუას ჩამოწოდების მერე, ქუთაისელთა საჯარიმოში გურამ ადამაძე პოზიციურად შეცდა და კარის წინ მყოფმა ლაშა კუჭუხიძემ, თავით ანგარიშში სხვაობის შემცირების შანსი ვერ გამოიყენა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, ზაალ ელიავამ მარცხენა ფლანგზე დროულად მოძებნა კვერნაძე, რომელიც “მერანის” საჯარიმოში შევიდა და მამალაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა. კვერნაძეს იგივეს გაკეთება ორ წუთშიც შეეძლო, როდესაც მარცხენა ფრთაზე ლაშა ჯღამაიას გვერდი აუარა და კვლავ მამალაძის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მეკარისთვის ბურთის ფეხებს შორის გაძვრენა მოინდომა, რაც ვერ მოახერხა.

82-ე წუთზე, კვერნაძის წამოწყებული შეტევა ელიავამ გააგრძელა და მარტვილელთა საჯარიმოში “გახსნილ” მარკოზაშვილს პასი არ დაუგვიანა, ხოლო ამ უკანასკნელმა, “ტორპედოს” კარი მეხუთედ აიღო. 84-ე წუთზე, მარჯვნიდან შოთა ბაბუნაშვილის გადაცემის მერე, დავით ციცხვაიამ ახლოდან კარს თავით ააცილა. ცოტა ხანში, ბენაშვილმა ქუთაისელთა ნახევარზე ბურთი დაკარგა და შეტევა კვერნაძემ წამოიწყო, რომელსაც ჰეთ-თრიქის შესრულების საშუალება ფეხებში ვარდნით ჯღამაიამ არ მისცა.

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 5:1 (2:1)

18 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ტორპედო: როინ კვასხვაძე (კ), ხარაბაძე, თოდუა, ადამაძე, ჩადუნელი, ბერუაშვილი (ელიავა, 56), ჩიკვილაძე (გელაშვილი, 46), ოლეგ მამასახლისი, ლექვთაძე (სავჩენკოვსი, 74), მარკოზაშვილი, კვერნაძე.

მთავარი მწვრთნელი: რეზო ძოძუაშვილი.

მერანი: მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, ჩუკვურან რაფაელი (ხუბუა, 74), გაბუნია (კუჭუხიძე, 56), ჯოჯუა (ჯღამაია, 46), ფონიავა, გეგეჭკორი, ბენაშვილი, ბაბუნაშვილი, ციცხვაია.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე.

გოლები: 1:0 კვერნაძე (14), 2:0 მარკოზაშვილი (33), 2:1 გეგეჭკორი (40), 3:1 ლექვთაძე (51), 4:1 კვერნაძე (77), 5:1 მარკოზაშვილი (82).

გაფრთხილება: ფონიავა (32), მელიავა (57), გეგეჭკორი (64).   

მთავარი მსაჯი: ოთარ ხეცაძე.

 

1                ვიტ ჯორჯია                    27                 10              6              11                33:35               36
2 ტორპედო 27 10 6 11 31:38 36
3 დილა 26 9 8 9 35:29 35
4 სპარტაკი 27 9 4 14 27:34 31
5 ზუგდიდი 26 6 6 14 16:35 24
6 მერანი 27 6 4 17 21:49 22

0.136466