ქუთაისის “ტორპედო“ ესტეპონასთან მდებარე „სოტოგრანდეს“ მოედანზე უცხოური შეკრების ბოლო მატჩში დრამენის „სტრომსგოდსეტს“ დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.
„ტორპედოს“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: მეკარე მიგინეიშვილი გახლდათ, კარის უსაფრთხოებაზე ასევე ზრუნავდნენ: დაცვის მარჯვენა ფლანგიდან რიგვავა, ცენტრალური ზონიდან ონიანი და ჭელიძე, მარცხნიდან კი გურული. მოედნის ცენტრის კონტროლი ძირითადად გრიგალაშვილისა და დათუნაიშვილის კისერზე იყო. მათზე წინ მარჯვნიდან დოლიძე მოქმედებდა, მარცხნიდან – ტუღუში, თავდასხმაში კი საბანაძე და ბერიაშვილი იყვნენ გამწესებულნი.
5’ - კეიტას მიერ ჯარიმიდან გაგზავნილი ბურთი არაზუსტი გამოდგა.
8’ - მარცხენა ფლანგიდან ბერიაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მყოფმა დოლიძემ საპენალტოს ხაზთან მდგარ საბანაძეს დაუგდო, რომლის დარტყმით მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.
10’ - ტუღუშის მიერ კარის გასწვრივ გაკეთებული სახიფათო გადაცემით ბურთს საბანაძემ ვერ შეუცვალა მიმართულება.
28’ - საბანაძე მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და მის წინააღმდეგ ნორვეგიელმა მცველმა „ბოლო იმედის ჯარიმა“ მოიპოვა, თუმცა მსაჯმა წესების დარღვევაც კი არ დააფიქსირა.
40’ - გიორგი ბერიაშვილმა კარგი გადაცემით მეკარესთან ერთი-ერთზე ტუღუში გაიყვანა, ბექამ გონივრული პასით „ტორპედოს“ მე-9 ნომერი ცარიელ კარს შეატოვა და ამ უკანასკნელმაც ეპიზოდი ლოგიკურად დაასრულა - 1:0.
42’ - სტორფლორის შორეული დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია.
44’ - ბერიაშვილმა კარგად შეიგდო ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიღრმეში და მარცხენა ფეხით მეკარისაგან დაუცველ კუთხეშიც კარგად გაუშვა იგი, თუმცა მეტოქე მცველმა კარის ხაზიდან შეძლო მისი გამოტანა.
45’ - მარჯვენა მხრიდან მოწოდებული კუთხურიდან „ტორპედოს“ კართან მყოფმა ტანმაღალმა თავდამსხმელმა ბურთზე თავით ითამაშა და მიზანს ააცილა. ტაიმიც „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა - 1:0.
თამაშის მეორე ნახევრის დებიუტშივე გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს. გრიგალაშვილის ნაცვლად თამაშში ფირცხალავა ჩაერთო.
46’ - თანაგუნდელის გადაწოდებით საჯარიმოში მყოფმა ტუღუშმა ჰაერში გააჩერა ბურთი და კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ კუთხურზე მოიგერია.
50’ - მოედნის ცენტრში ტუღუშმა მოიპოვა ბურთი და იგი მაშინვე მეტოქესთან ორთაბრძოლისას დაშავდა, თუმცა არც მსაჯმა და არც „სტრომსოგდსეტის“ ფეხბურთელებმა ბურთი არ გააჩერეს, კონტრშეტევა მარცხენა ფლანგიდან განვითარდა და „ტორპედოს“ საჯარიმოში გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ზუსტად დაარტყეს - 1:1.
ამის შემდგომ, ათწუთიან მონაკვეთში ნორვეგიის 5-გზის თასის მფლობელმა „ტორპედოს“ უპირატესობის განეიტრალება მოახერხა.
55’ - საჯარიმოს გარედან აფრიკელი ფეხბურთელის მიერ დარტყმული ბურთი ქუთაისელთა კარის ძელს მოხვდა.
67’ – „ტორპედოში“ ოთხმაგი ცვლილება განხორციელდა. მოედნიდან დოლიძე, დათუნაიშვილი, ტუღუში და საბანაძე გავიდნენ, მათი ადგილი ბოლქვაძემ, გიგაურმა, მარკოზაშვილმა და ფანცულაიამ დაიკავეს.
70’ - ბოლქვაძის გრძელი გადაცემით მოწინააღმდეგის საჯარიმოს ხაზთან მარკოზაშვილმა მიიღო ბურთი, იქვე გიგაური მონახა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარემ დაიმორჩილა.
80’ - ბოლო ცვლილება ქუთაისურ გუნდში - რიგვავა ტაბატაძემ ჩაანაცვლა.
ბოლო წუთებში თამაში „ტორპედოს“ კარნახით მიმდინარეობდა. შეხვედრის მიწურულს თამაშის ბედის გადაწყვეტა ფანცულაიას შეეძლო, მაგრამ გიორგის ბურთის დარტყმისას ოდნავ არ გაუმართლა და მეტოქემაც მატჩი ფრემდე მიიყვანა - 1:1.
ზამთრის შეკრება დასრულებულია და აქვე შეგახსენებთ, ესპანეთში გამართულ მატჩებში „ტორპედოს“ მიერ ნაჩვენებ შედეგებს:
„მარბელას თასზე“ საქართველოს 3-გზის ჩემპიონმა ბუქარესტის „რაპიდთან“ ძირითად დროში დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ პენალტების სერიაში გაიმარჯვა. ტურნირის ნახევარფინალში გასული მეორე ბუქარესტურ გუნდთან - „დინამოსთან“ დამარცხდა (1:2), მე-3 ადგილისთვის პაექრობა კი კიევის „დინამოსთან“ დათმო (2:4). შემდეგ იყო ორი საკონტროლო მატჩი, რომლებიც გია გეგუჩაძის შეგირდებმა ერთნაირი ანგარიშით დაამთავრეს - 1:1 „ოცელულთან“ და „სტრომსგოდსეტთან“.
www.fctorpedo.ge