ფეხბურთი

23:24 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტორპედოელთა დამსახურებული გამარჯვება

 

განმუხურში გამართულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. გასულ ტურში ,,მიხეილ მესხის’’ სტადიონზე ცხინვალის ,,სპარტაკთან” ,,საშინაო” მარცხის შემდეგ ქუთათურებმა მდგომარეობა გაირთულეს და კიდევ ერთი წაფორხილების შემთხვევაში გასავარდნ ზონას სახიფათოზე მეტად დაუახლოვდებოდნენ. რაც შეეხება ზუგდიდელებს, წინა ტურში მათ გასვლაზე ,,ვიტ-ჯორჯიასთან” იმარჯვეს და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად კარგი პერსპექტივა შეიქმნეს.

შეხვედრას ძალიან ცუდი ამინდი დაერთო. მატჩის დროს თოვლნარევი წვიმა მოდიოდა, რომელსაც ცივი ქარი ერთვოდა. ალბათ ამის ბრალი იყო, რომ ნახევარი საათი ისე მიილია, საგოლე მომენტი პრაქტიკულად არ შექმნილა.

შეხვედრა საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო. ფეხბურთელები ჯერ კარგად არ გახურებულიყვნენ და სწრაფი მოძრაობა უჭირდათ. თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი ბურთს უფრო დიდხანს აკონტროლებდნენ, თუმცა მეტოქის კართან ღირებულს ვერაფერს ჰქმნიდნენ. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი სტუმრებმა მე-11 წუთზე შექმნეს. მარცხენა ფლანგიდან ჩიკვილაძის ჩაწოდების შემდეგ მარკოზაშვილმა თავით ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა, თუმცა ზარქუას სწორი პოზიცია ეჭირა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. ამის შემდეგ თამაშმა ისევ მოედნის ცენტრში გადაინაცვლა და საქმეში პრაქტიკულად არცერთი მეკარე არ ჩართულა.

მომდევნო სახიფათო შეტევა ქუთათურებმა ნახევარი საათის მიწურულს განახორციელეს. ლექვთაძე მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს წინა ხაზიდან მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა, მაგრამ დარტყმა სუსტად გამოუვიდა და ზარქუა ამჯერადაც იოლად დაეუფლა ბურთს. 3 წუთში ზუგდიდელთა კიპერმა შეცდომა დაუშვა. მან სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაუდევრად ითამაშა და მარკოზაშვილს კინაღამ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა.

 ტაიმის უკანასკნელი ხუთწუთეული მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. 42-ე წუთზე აფაქიძემ მეტოქის საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდა, რომელიც თავით კრკელიჩმა მოიგო და ცოტნე სამუშიას დაუგდო. ხელსარყელი მდგომარეობიდან ზუგდიდელი ფეხბურთელის დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს. თითქმის მაშინვე მასპინძლებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ. აფაქიძის მორიგ ჩაწოდებულზე, წიტაიშვილის აქტიურობას ქუთათურთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რის შედეგადაც კრკელიჩი საგოლე სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ჩერნოგორიელი ლეგიონერის დარტყმას წინ კვასხვაძე აღუდგა და თავისიანები აშკარა ხიფათისგან იხსნა.

შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო საინტერესო და უკეთესი სანახავი გამოდგა. აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გურამ სამუშია. 47-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ კრკელიჩი ურტყამდა თავით მეკარის ბაქნიდან, მაგრამ ბურთი ხარიხამ აისხლიტა. თითქმის მაშინვე ზუგდიდლებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და გურამ სამუშია მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი  შორეულ კუთხეში გადაგზავნა. კვასხვაძემ შესაშური რეაქცია გამოავლინა და ნახტომში ბურთის მოგერიება მოახერხა. დამატებას წიტაიშვილი ცდილობდა, თუმცა ამჯერად ქუთათურთა მცველებმა ივარგეს და ბურთი კუთხურზე გადაიტანეს.

,,ტორპედოელთა” პირველივე საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა. 53-ე წუთზე ჩიკვილაძის მოწოდებულ კუთხურს თავით მარკოზაშვილმა მიმართულება შეუცვალა. სიტუაციაში სხვებზე სწრაფად მამუკა ღონღაძე გაერკვა და ერთი შეხებით ბურთი ზუგდიდელთა კარის ბადეში მოათავსა – 0:1.

5 წუთში ,,კანუს” დუბლის შესრულება მართებდა. მარკოზაშვილის იდეალური გადაცემის შემდეგ იგი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. მას ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ საგოლე პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა. თითქმის მაშინვე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ. გურამ სამუშიას ჩაწოდებულს კრკელიჩმა თავით მიმართულება შეუცვალა. ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

იგრძნო რა დამარცხების საშიშროება მასპინძელთა დამრიგებელმა შეცვლებს მიმართა და მთელი გუნდი შეტევაში გადაისროლა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზუგდიდელთა იერიშები ქაოტურ ხასიათს ატარებდა. ისინი საკმაოდ ერთფეროვნად უტევდნენ და ძირითადი აქცენტი საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებაზე ჰქონდათ გადატანილი.

მეტოქის ზურგის მოშიშვლებით კარგად ისარგებლეს ,,ტორპედოელებმა” და მათ რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს. 74-ე წუთზე ჩიკვილაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ ღონღაძე ურტყამდა თავით ხელსაყრელი მდგომარეობიდან. ერთ-ერთმა მცველმა ბურთის მოგერიება მოახერხა. დამატებას მარკოზაშვილი ცდილობდა. ამჯერად საქმეში ზარქუა ჩაერთო და ბურთი კუთხურზე გადაიტანა.

შეხვედრის უკანასკნელ მონაკვეთში ტორპედოელთა გამოცდილმა დამრიგებელმა რევაზ ძოძუაშვილმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და საქმეში მეორე ფორვარდი ოთარ კვერნაძე ჩართო. ამან სტუმრებზე დადებითად იმოქმედა და მატჩის ბოლო წუთები მათი სრული უპირატესობით წარიმართა. 84-ე წუთზე ღონღაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ კვერნაძე საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმა განახორციელა. ზარქუა აკრობატულ ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. თითქმის მაშინვე ღონღაძე ორ მცველს დაუსხლტდა და საჯარიმოს წინა ხაზიდან მარცხენა ფეხით მოჭრილი დარტყმა განახორციელა. ბურთი სულ ოდნავ გადასცდა ხარიხას. არბიტრის მიერ შეხვედრისთვის დამატებული დრო იწურებოდა, როცა ,,ტორპედოელები” საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ. ყველა ზუგდიდელი ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში განლაგდა. ქუთათურებმა ბურთის მოგერიება მოახერხეს და იგი ეულად მდგარ კვერნაძეს გადასცეს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მთელი მოედანი ბურთიანად ირბინა, მაგრამ მეტოქის კართან მისულს მცველები წამოეწივნენ და სიტუაცია განმუხტეს.

ამასობაში არბიტრის საფინალო სასტვენიც გაისმა, რომელმაც ,,ტორპედოელთა” გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

გიორგი დარასელია (,,ზუგდიდი’’): ,,სანახავად კარგი თამაში გამოვიდა. მოგება ორივე გუნდს შეგვეძლო. გასატანად საკმაო მომენტები გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. შემდეგ გოლი ჩვენს კარში მივიღეთ და იძულებული გავხდით მთელი გუნდით შეგვეტია. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ჩვენ კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლას გავაგრძელებთ.’’

რევაზ ძოძუაშვილი (,,ტორპედო’’): ,,უკანდასახევი გზა აღარ გვქონდა, ამიტომ ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გადავიტანეთ. ასეთი თამაშები ალამაზებს ქართულ ფეხბურთს. ჩვენ განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ. იმედი მაქვს თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და შედეგიც უკეთესი გვექნება.’’

ზუგდიდი (ზუგდიდი) - ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)
30 მარტი. 15.00. განმუხური.  500 მაყურებელი.

,,ზუგდიდი”:  ზარქუა, მირცხულავა, სიხარულია (კ) (გუგუჩია 68), წიტაიშვილი, კრკელიჩი, ქათამაძე, აფაქიძე, ბულია (გ. სამუშია 46), ქებაძე, ც. სამუშია (შ. ლომია 60), ჯავაშვილი;

მთ. მწვრთნელი:  გიორგი დარასელია

,,ტორპედო”:  რ. კვასხვაძე (კ), თოდუა, ადამაძე, სავჩენკოვსი, ჩადუნელი, გელაშვილი, ჩიკვილაძე (კვერნაძე 75), მამასახლისი (ბერუაშვილი 34), მარკოზაშვილი, ლექვთაძე (ხარაბაძე 58), მ. ღონღაძე;

მთ. მწვრთნელი:  რევაზ ძოძუაშვილი

გოლი: 0:1 მ. ღონღაძე (53);

გაფრთხილება:  გელაშვილი (87), რ. კვასხვაძე (90);

არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი

0.113492