ასაკობრივი სანაკრებო გუნდების თამაშებით დატვირთულმა კვირეულმა განვლო და დროა, ყურადღება ეროვნულ ასპარეზზე გადავიტანოთ, სადაც მორიგი მატჩისთვის მზადებას აგრძელებენ ქუთათურები.
24 ნოემბერს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე “ზესტაფონთან“ მატჩამდე “ტორპედომ” საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ესპანელ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსა მულეტის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი იყო, მათ შორის საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებებიდან დაბრუნებულებიც.
დღევანდელ საწვრთნელ პროცესში აქცენტი ბურთის გამოყენებით ტექნიკურ-ტაქტიკური ტიპის ვარჯიშებზე გაკეთდა. მომდევნო მატჩის წინ კომენტარები ვთხოვეთ ქუთაისის “ტორპედოს“ ფეხბურთელებს.
მათე ცინცაძე: “მოხარული ვარ, რომ ამ სანაკრებო პაუზისას, რამდენიმე ტორპედოელთან ერთად, ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებული თამაშით, გულშემატკივრები მეც გავახარე. იმედი მაქვს, რომ ეს დადებითი მუხტი ჩვენგან “ტორპედოსაც“ გადმოედება.
კარგ სათამაშო კონდიციებში ვართ და სერიოზულად ვემზადებით “ზესტაფონთან“ თამაშისთვის, რომელშიც ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ ამ სამმატჩიან წაგებათა სერიას გამარჯვებით დავუსვათ წერტილი.
ვფიქრობ, პირველი წრის თამაშში ზესტაფონში საკმაოდ გაგვიმართლა და მოვიგეთ. ამჯერადაც ძალიან გაგვიჭირდება მათი დამარცხება, თუმცა გპირდებით, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
გიორგი ხიდეშელი: “ჩემი აზრით, ბოლო მატჩებში ჩვენი დამარცხების მიზეზი არაერთია. პირველ რიგში, გვაკლდნენ საჭირო ფეხბურთელები, ცოტათი არ გაგვიმართლა და ალბათ, რაღაც ჩვენც დავაკელით. თუმცა, არა უშავს, ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს და იმედია, ამიერიდან მდგომარეობას გამოვასწორებთ.
რაც შეეხება “ზესტაფონთან“ მომავალ მატჩს, მართალია, ჩემთვის ნებისიერი თამაში განსაკუთრებულია, თუმცა მათ შორის ერთ-ერთ წინა პლანზე “ზესტაფონთან“ შეხვედრა დგას. ამ გუნდში 7 წელი ვთამაშობდი და შეუძლებელია, რომ ასე არ იყოს.
უშეღავათო მატჩის მოლოდინში ვართ. ვფიქრობ, ახალი მწვრთნელის ფაქტორი კარგად იმოქმედებს. ჩვენს გულშემატკივრებს ვპირდები, რომ წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ“.
www.fctorpedo.ge