ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ტორპედოსა” და სლოვაკეთის “ჟილინას” დაპირისპირების წინ, ქუთაისელთა ოფიციალური ვებგვერდისთვის კომენტარი მასპიძნძელთა ფეხბურთელებმა გააკეთეს.
ზაზა ჭელიძე: “ავსტრიაში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მართალია, ამხანაგური თამაშები ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ვერ გავიმარჯვებთ. ძნელია ასე მოკლე ხანში შეთამაშება, რადგან 90 პროცენტით ახალი გუნდია. “ჟილინას” რაც შეეხება, როგორც იცით, 2 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს და ყველანაირად ვეცდებით, რომ 2 მატჩის ჯამში მეტოქეს დავამარცხოთ. შანსები ვიტყვი, რომ მაინც 50/50-ზეა. ჩვენზე გამოცდილი გუნდია, თუმცა შეცდომები რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და მოგება შეგვიძლია. დღეს მათი ვარჯიშიც ვნახე და ვიტყოდი, რომ გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ჯობდა პირველი მატჩი გასვლა გვქონოდა, მაგრამ არა უშავს. ნორმალური ანგარიშით უნდა მოვიგოთ, რათა საპასუხო თამაშისთვის კარგი განწყობა შევიქმნათ. გულშემატკივრებისგან ველოდებით, რომ გაავსებენ სტადიონს და ბოლომდე დაგვიდგებიან მხარში. ჩვენ მათი იმედი გვაქვს, ისევე, როგორც მათ – ჩვენი”.
გიორგი კუხიანიძე: “ახალმა მწვრთნელმა გუნდში ახალი ტაქტიკა დანერგა. ვფიქრობ, რომ ვინც დაიმსახურა 4 ივლისს მოედანზე ის გავა და ბიჭები ყველაფერს ვიღონებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. “ჟილინა” სერიოზული გუნდია, რაზეც ისიც მოწმობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნათამაშები შემადგენლობიდან, ფეხბურთელები დღესაც ჰყავს შენარჩუნებული. ვუყურეთ ამ გუნდის ამხანაგურ თამაშებს, ვფიქრობ, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და ურთულესი თამაში გველის. ვიტყოდი, რომ მეტოქეს მეტი შანსი აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენზე გამოცდილები არიან და პირველ მატჩს სტუმრად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ყველას დავანახებთ, რომ მთავარია მონდომება და მოედანზე ყველაფრის გაღება. ფეხბურთელების სახელით ყველას ვთხოვთ, მოვიდნენ სტადიონზე და თვითონაც დაინახავენ, რომ ბიჭები ბოლომდე დავიხარჯებით და მათი თანადგომით შესაძლებელი იქნება შემდეგ ეტაპზე „ტორპედოს“ თამაში”.