24 ივნისს ქუთაისის “ტორპედომ“ მეორე ტესტ-მატჩი გამართა ავსტრიაში, ამჯერად სლოვაკური “კოშიცეს“ წინააღმდეგ.
ევროპის ლიგის კენჭისყრამ გასულ სპარინგ-პარტნიორთან შეხვედრა დამატებითი თვალსაზრისით გახადა საინტერესო. როგორც იცით, ქუთაისელთა საევროპალიგო მოწინააღმდეგეც ასევე სლოვაკეთის სუპერ ლიგის წარმომადგენელი “ჟილინა“ იქნება, რომელმაც გასულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა და 2 საფეხურით ჩამორჩა კოშიცელებს. ამდენად, ამ ქვეყნის დღევანდელ საფეხბურთო დონეზე გარკვეული შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად, ეს სპარინგი კარგი საშუალება იყო.
ქუთაისურ-კოშიცური პაექრობა, რომლის ხილვის შესაძლებლობა ქართველ გულშემატკივრებსაც, ინტერნეტის მეშვეობით ჰქონდათ, ობერტრაუნის სტადიონზე წვიმის ფონზე მიმდინარეობდა. საწყისი ნახევარი საათი “ტორპედოს“ ბურთთან დომინირებით გაილია, ტერიტორიული უპირატესობაც ქუთაისელთა მხარეს იყო.
მე-7 წუთზე, საჯარიმოში შესულმა კუხიანიძემ მარჯვენა მახვილი კუთხიდან გადააცილა
მე-17 წუთზე, ჩიტეიშვილის ჩაწოდებულს მცველთა ჭიდილში მყოფმა ბარაბაძე გამოეხმაურა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
მალევე ჩვენს კართან პირველი ხიფათი მარცხენა ფრთიდან შეიქმნა, თუმცა, მიგინეიშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია.
შემდგომი ათწუთიანი მონაკვეთი “კოშიცეს“ აქტიურობით გაგრძელდა და ანგარიშის გახსნაც მათ მოახერხეს.
38-ე წუთზე, მარცხენა მხრიდან განვითარებული იერიში, ხელსაყრელი პოზიციიდან ონდრეი დუდას მიერ ჩვენი გუნდის კარში გატანილი გოლით დასრულდა – 0:1.
42-ე წუთზე, გიგაურის გარჯით “ტორპედომ“ ბურთი შეტევაში მოიპოვა, მე-7 ნომერმა კუხიანიძე მონახა, რომლის გადაცემით ფორვარდმა რევაზ ბარაბაძემ “ტორპედოს“ რიგებში პირველი გოლი გაიტანა და ანგარიშიც გაათანაბრა – 1:1. გუნდებიც ასეთი შედეგით გავიდნენ შესვენებაზე.
მეორე ნახევრის დასაწყისშიც ძირითადად ორთაბრძოლებში გამარჯვებულები ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილები გამოდიოდნენ.
55-ე წუთზე, ჭანტურიას დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარემ მოიგერია კუთხურზე. 61-ე წუთზე, ტორპედოელი მცველის შეცდომით “კოშიცეს“ კოტ’დიუვარელმა ლეგიონერმა კარიმ დიაბიმ ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გუნდი დააწინაურა – 1:2.
70-ე წუთზე, მრავალსვლიანი კომბინაცია გოროზიას ჩინებული პასითა და მოედანზე 4 წუთის წინ შესული თეიმურაზ მარკოზაშვილის გოლით დაგვირგვინდა – 2:2.
78-ე წუთზე აფრიკელი დიაბი მიქავასთან ერთი-ერთზე კიდევ ერთხელ დარჩა და დუბლის შესრულების შანსიც გამოიყენა – 2:3. ტორპედოელები კი ინდომებდნენ, თუმცა მეტი ღირებულის გაკეთება ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ, მინიმალური სხვაობით დათმეს დამარცხდნენ.
გასულ მატჩში ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსა მულეტიმ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ომარ მიგინეიშვილი (ბაჩო მიქავა, 71), ვაჟა ტაბატაძე (დავით მთივლიშვილი, 70), ნიკა ჭანტურია, ზაზა ჭელიძე (ნიკა სანდოხაძე, 64), რევაზ ჩიტეიშვილი (დავით უბილავა, 64), მათე ცინცაძე, გიორგი გოროზია (ლუკა ზარანდია, 81), მერაბ გიგაური (თეიმურაზ მარკოზაშვილი, 64), გიორგი კუხიანიძე (ალეკო მზევაშვილი, 69), გიორგი ფანცულაია (დავით ჯიქია, 46), რევაზ ბარაბაძე (თორნიკე კაპანაძე, 81).
“ტორპედო” ავსტრიაში მესამე საკონტროლო მატჩს 27 ივლისს ჩაატარებს, მეტოქედ კი კიდევ ერთ სლოვაკური კლუბი “სპორტ პოდბრეზოვა“ ეყოლება.
www.fctorpedo.ge