ქუთაისის „ტორპედოში“ არდადეგები დასრულდა და გუნდი ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას ორჯერადი ვარჯიშებით შეუდგა. 16 ივნისამდე ვარჯიშები ქუთაისში ჩატარდება, 18 ივნისიდან კი ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი ავსტრიაში გაივლის შეკრებას.
საღამოს ჩატარებულ ვარჯიშამდე გუნდი საწვრთნელ ბაზაზე გულშემატკივრებსაც შეხვდა. გაცნობის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა სარაგოსამ მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
პირველ საწვრთნელ დღეს ჟერარდ სარაგოსას განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იყო, ექსლოკომოტიველთა გარდა ვარჯიშში მონაწილეობა შემდეგმა მოთამაშეებმა მიიღეს: ქვილითაია, კუპატაძე, ჭელიძე, სანდოხაძე, გოგიჩაიშვილი, ახვლედიანი, ფირცხალავა, მარკოზაშვილი და ფანცულაია. ასევე, გორის "დილას" ყოფილმა თავდამსხმელმა რევაზ ბარაბაძემ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისურ გუნდს წყალტუბოს „სამგურალიდან“ დაუბრუნდა 21 წლის თორნიკე კაპანაძე (მეტსახელად „ელვა“). ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვარჯიშს ვაჟა ტაბატაძე, გიორგი კუხიანიძე და ბექა ტუღუში აკლდნენ. კვლავ ტრავმა აქვს ფორვარდ ნიკა საბანაძეს, რომელიც, სავარაუდოდ, „ტორპედოს“ ვერც ევროასპარეზზე დაეხმარება. ეროვნულ ნაკრებში მიღებული დატვირთვით კი დამატებით დასვენების საშუალება მიეცა მერაბ გიგაურსა და კაპიტან ომარ მიგინეიშვილს.
www.fctorpedo.ge-s ფოტოები