განმუხურში გამართულ მე-6 ტურის შეხვედრას წვიმიანი ამინდი დაერთო. ზღვის სანაპიროზე მოსულმა ნალექმა მოედანი ერთობ დაამძიმა. ფეხბურთელებს სწრაფი მოძრაობა და კომბინაციური თამაში უჭირდათ, რაც დაიჩივლა კიდეც მატჩის შემდეგ ქუთაისელთა თავკაცმა ჟერარდ სარაგოსამ. ძველ მეტოქეთა პაექრობა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ სახიფათო მომენტების მხრივ ერთობ მწირი გამოდგა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა პირველად ქუთაისლებს მიეცათ. მე-9 წუთზე მათ სანიმუშო სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. ჯიქიამ განივი გადაცემით ფლანგზე ახვლედიანი გაიყვანა, მან კი ერთი შეხებით საჯარიმოში მყოფ საბანაძეს უპასა. ტორპედოელთა ფორვარდმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ძლიერი დარტყმით ბურთი ზუგდიდელთა კარისკენ გადაგზავნა, თუმცა ამ სათამაშო ეპიზოდის გმირი მამალაძე გამოდგა. ზუგდიდელთა კიპერმა ახლოდან დარტყმულ ბურთზე რეაგირება მოასწრო და ნახტომით კუთხურზე მოიგერია.
საპასუხო სახიფათო შეტევა მასპინძლებმა მე-18 წუთზე განახორციელეს. წურწუმიამ დრიბლინგით ჩიტეიშვილი ჩამოიტოვა და პირით ხაზთან მისულმა საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა. თავის ვიზავის არც ქვილითაია ჩამორჩა, მან მეტოქის ფეხბურთელებს დაასწრო და სიტუაცია განმუხტა.
3 წუთის შემდეგ ზუგდიდლებს ანგარიშის გახსნის 100%-ანი შანსი მიეცათ. მარჯვენა ფლანგიდან რიგვავას მაღლივი ჩაწოდების შემდეგ ფარჯიკია ურტყამდა თავით მეკარის ბაქნიდან, თუმცა ბურთი კარს ააცილა.
ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 28-ე წუთზე გოროზიას კარგი გადაცემით საბანაძე ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა და დარტყმაც დროულად შეასრულა, მაგრამ მამალაძემ ზუსტი პოზიცია შეარჩია და ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.
თითქმის მაშინვე ზუგდიდლებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს. წურწუმიამ მარცხენა ფლანგზე თავისი ვიზავი ამჯერადაც დაჯაბნა და მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მართალია, ფარჯიკიამ ბურთი მიიღო, მაგრამ მის დამორჩილებას დიდი დრო მოანდომა და ხელსაყრელი მომენტიც გაანიავა.
იგრძნო რა, რომ ხიფათი ტორპედოელთა კარს ძირითადად მარცხენა მხრიდან ექმნებოდა, ქუთაისელთა მწვრთნელმა ნაადრევ ცვლილებას მიმართა და ჩიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე გაბაძე შეიყვანა, რომელსაც პრაქტიკულად წურწუმიას მეურვეობა დაეკისრა.
ტაიმის უკანასკნელი მესამედი ისევ ზუგდიდელთა უპირატესობით წარიმართა. მათ რამდენიმე შეტევაც განახორციელეს, თუმცა რეალური ხიფათის შექმნა ტორპედოელთა კართან ვერ მოახერხეს. პირიქით, 43-ე წუთზე ახვლედიანი ორ მცველს დაუსხლტდა, საჯარიმოში შეიჭრა და მამალაძეს ახლო კუთხეში დაურტყა. ზუგდიდელთა კიპერი ამჯერადაც უნაკლოდ გაისარჯა, მან კუთხე დროულად ჩაკეტა და თავისიანები უსიამოვნებისგან იხსნა.
შეხვედრის მეორე ნახევარი ისევ მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. 52-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან შეტევაში ჩართულმა რიგვავამ საჯარიმოსკენ გადაინაცვლა და შორეული კუთხისკენ ძლიერი დარტყმა განახორციელა. ქვილითაია აკრობატულ ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.
მომდევნო რეალური მომენტი ზუგდიდლებმა 61-ე წუთზე შექმნეს. თანაგუნდელებმა გრძელი გადაცემით ფარჯიკია მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, თუმცა ფორვარდს დარტყმა დაუგვიანდა, თან ჭელიძემაც ივაჟკაცა და უკანასკნელ წამს ფეხებში ვარდნით სიტუაცია განმუხტა.
ამ დროს ტორპედოელთა ესპანელმა დამრიგებელმა ერთობ თამამ გადაწყვეტილებას მიმართა და თამაშში მეორე ფორვარდი კაპანაძე ჩართო. ამის შემდეგ ერთგვარი ქაოტური ფეხბურთი გაჩაღდა. მეტოქეებმა პრაქტიკულად უარი თქვეს მოედნის ცენტრში ბურთის დაჭერაზე და აქცენტი ქაოსურ შეტევებზე გადაიტანეს. ფეხბურთელები დაიღალნენ და პოზიციურ შეცდომებსაც უხშირეს. შეტევაში ჩართულნი უკან დაბრუნებას ვერ ასწრებდნენ. აშკარად ჩანდა, რომ მოიგებდა ის, ვისაც მატჩის ბოლოსთვის მეტი ძალა შერჩებოდა და მეტოქის შეცდომას სათავისოდ გამოიყენებდა, მაგრამ... ეს არცერთს დასცალდა. მოედანზე სიტუაცია კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა. ხიფათი ხან ერთ, ხან მეორე კართან იქმნებოდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. არბიტრ ვადაჭკორიას საფინალო სასტვენმა ნულოვანი ფრე დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
კლიმენტი წიტაიშვილი (,,ზუგდიდის” მთ. მწვრთნელის ასისტენტი): ,,ახალგაზრდული გუნდი ვართ. შეკრებაც არ გაგვივლია. ბიჭებმა თავი დადეს და ბოლომდე დაიხარჯნენ, ამიტომ მათ დიდ მადლობას ვუხდით. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა მოგებაც შეგვეძლო.”
ჟერარდ სარაგოსა (,,ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი): ,,მეორე ტაიმში წამოსულმა წვიმამ მინდორი ერთობ დაამძიმა და კომბინაციური თამაშის ჩვენება გაგვიჭირდა. მართალია ბიჭებმა იბრძოლეს, მაგრამ შედეგით უკმაყოფილო ვარ.”
,,ზუგდიდი” (ზუგდიდი) - ,,ტორპედო” (ქუთაისი) 0:0 (0:0)
21 სექტემბერი. განმუხური. ,,ცენტრალური”. 16:00 სთ. 500 მაყურებელი
,,ზუგდიდი”: მამალაძე, აფაქიძე, აქუბარდია, რიგვავა, კანკია (შ. ლომია 69), მეგაჰედი (პაჭკორია 80), სიხარულია (კ), გუგუჩია, ფარჯიკია (სამუშია 64), ქვარცხავა, წურწუმია;
მთავარი მწვრთნელი: ოთარ თუთბერიძე
,,ტორპედო”: ქვილითაია (კ), ჩიტეიშვილი (გაბაძე 30), ცინცაძე, საბანაძე, ჯიქია (კაპანაძე 67), კუხიანიძე, ხიდეშელი, გოროზია, ზ. ჭელიძე, ახვლედიანი (ფირცხალავა 46), უბილავა;
მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
გაფრთხილება: გუგუჩია (11), მეგაჰედი (25), ახვლედიანი (39);
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია
“ჩიხურა” (საჩხერე) – “დილა” (გორი) 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 ჯიღაური (20), 1:1 მოდებაძე (46), 2:1 ტატანაშვილი (54), 3:1 გაბედავა (90)
გურია (ლანჩხუთი) - მეტალურგი (რუსთავი) 3:1 (0:0)
გოლები: 0:1 კორღალიძე, 1:1 შენგელია (63) , 2:1 შალამბერიძე (83), 3:1 ჩიკვილაძე (90)
“მერანი” (მარტვილი) – “სიონი” (ბოლნისი) 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 კუჭუხიძე (12), 2:0 ფარულავა (34)
“სპარტაკი” (ცხინვალი) – “ზესტაფონი” (ზესტაფონი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კაკაშვილი (90)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) - დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 გოგა (73), 0:2 გრიგალაშვილი (90)
სატურნირო მდგომარეობა
1. | დინამო | 6 | 4 | 1 | 1 | 11:4 | 13 | |
2. | ჩიხურა | 6 | 4 | 0 | 2 | 13:8 | 12 | |
3. | მერანი | 6 | 4 | 0 | 2 | 9:7 | 12 | |
4. | ტორპედო | 6 | 3 | 3 | 0 | 6:3 | 12 | |
5. | გურია | 6 | 3 | 0 | 3 | 6:8 | 9 | |
6. | ვიტ ჯორჯია | 6 | 2 | 2 | 2 | 7:5 | 8 | |
7. | დილა | 6 | 2 | 2 | 2 | 7:7 | 8 | |
8. | მეტალურგი | 6 | 2 | 2 | 2 | 6:9 | 8 | |
9. | სიონი | 6 | 2 | 1 | 3 | 7:7 | 7 | |
10. | ზუგდიდი | 6 | 1 | 2 | 3 | 3:9 | 5 | |
11. | ზესტაფონი | 6 | 1 | 1 | 4 | 5:7 | 4 | |
12. | სპარტაკი | 6 | 1 | 0 | 5 | 2:8 | 3 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
ვახტანგ დათიაშვილი განმუხურიდან