როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს მოეხსენებათ, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნახევარი ქუთაისის ,,ტორპედოსთვის’’ კატასტროფულად წარიმართა. გუნდმა ბოლო 9 თამაშიდან რვაში დამარცხება განიცადა და ერთ დროს ცხრილის სათავეში მყოფი გასავარდნ ზონას დაუახლოვდა. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ კლუბი მისმა ესპანელმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ დატოვა. პრაქტიკულად გადაწყვეტილია ,,ვისოლ ჯგუფის’’ წასვლაც და ,,ტორპედოს’’ მომავალი ბურუსშია გახვეული.
ამის გამოძახილი გახლდათ ,,ტორპედოს’’ ქომაგთა კლუბ ,,ჯუნგლების’’ გააქტიურება. ისინი 30 დეკემბერს დღის 2 საათზე მერიასთან შეიკრიბნენ და იმის დასაფიქსირებლად, თუ რას წარმოადგენს ,,ტორპედო’’ ამ ქალაქისთვის შემდეგი შინაარსის ბანერი გამოფინეს: ,,ნუ გააჩერებთ ქუთაისის სუნთქვას - ისტორია გვავალდებულებს’’.
აქციის ორგანიზატორები ქუთაისის მერის მოადგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა საკუთარ კაბინეტში მიიწვია და ,,ტორპედოს’’ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქომაგთა კლუბ ,,ჯუნგლების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან დანელიამ კომენტარი ,,მსოფლიო სპორტისთვის’’ გააკეთა:
,,ქუთაისის ,,ტორპედო’’ბოლო წლებში ის გუნდი აღარაა რომელსაც ჩვენი ქალაქი და ტრადიცია იმსახურებს. ეს პრობლემები დღეს არ დაწყებულა. ,,ვისოლის’’ წასვლის შემდეგ ქალაქის ახალ ხელმძღვანელობას ეძლევა შანსი, რომ კლუბი კრიზისიდან გამოიყვანოს. ამის თქმის საშუალებას მერიაში გამართული დღევანდელი შეხვედრა გვაძლევს. პირობა მოგვცეს, რომ ,,ტორპედოს’’ პატრონობას ხელში მერია აიღებს და დღევანდელზე გაცილებით უკეთესი შედეგი ექნება. ქომაგთა კლუბი ,,ჯუნგლები’’ კი, ,,ტორპედოს’’ ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კლუბმა ძველი დიდება დაიბრუნოს’’.
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან