ინტერვიუები

14:33 | 4.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე თარხნიშვილი: "ვენტსპილსში" ქართველებმა სახელი დატოვეს და მეც კარგი თვალით მიყურებენ"

22 წლის ქართველი ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი ზამთარში ლატვიურ "ვენტსპილსში" გადავიდა და რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩაატარა. თარხნიშვილს საქართველოში საუკეთესო წლები ქუთაისის "ტორპედოში" აქვს გატარებული, შემდეგ კი თბილისის "დინამოში" იყო, სადაც თამაში არ უწევდა.
თორნიკე 6 წლის წინათ საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი იყო, ასევე, 21-წლამდელებში მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი. მოკლედ, უინტერესო ფეხბურთელი ნამდვილად არაა. ის "ვენტსპილსს" ტრამპლინად განიხილავს.
- როგორ შეეგუეთ ახალ გუნდს და რას იტყვით "ვენტსპილსის" სათამაშო სტილზე?
- კარგად მიმიღეს, მეგობრული გუნდი დამხვდა. "ვენტსპილსი" უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, ბურთის გაგორებაზე აკეტებს აქცენტს. ვიცი, რომ უკრაინისა და რუსეთის ჩემპიონატებში ბევრი გუნდი ძალისმიერ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. "ვენტსპილსში" ასე არაა.
- უცნაურია. ლატვიაში ხომ ასევე ძალისმიერ ფეხბურთზე კეთდება აქცენტი...
- სიმართლე გითხრათ, ლატვიის ჯერ მხოლოდ ორ გუნდს ვეთამაშეთ და ისინი მართლაც ფიზიკაზე არიან ორიენტირებულნი, მაგრამ "ვენტსპილსში" ასე არაა. აი, დაახლოებით როგორც "ტორპედოში" იყო, ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ.
- კლუბის მიზანი ლატვიის ჩემპიონობაა?
- დიახ. ჩემპიონობა და თასიც. "ვენტსპილსი" ლატვიაში ერთ-ერთი წამყვანი კლუბია და რეალურადაც აქვს ამის შესაძლებლობა. ზაფხულში კი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩავერთვებით.
- როგორ ნაბიჯად მიიჩნევთ "ვენტსპილში" გადასვლას?
- ვფიქრობ, ურიგო ნაბიჯი არ იყო. ჩემი ძალების უცხოეთში მოსინჯვის სურვილი მქონდა. შესაძლოა, "ვენტსპილსზე" უკეთესი მინდოდა, მაგრამ ტრამპლინად გამოვიყენებ. თანაც, აქ თამაშობდნენ ქართველები და კარგი სახელი აქვთ დატოვებული. მეც მხოლოდ კარგი თვალით მიყურებენ.
- "ვენტსპილსის" მწვრთნელმა თქვენზე დადებითად ისაუბრა და განაცხადა, ნახევარდაცვაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლიაო. რა პოზიციაზე ითამაშებთ? საყრდენად?
- რამდენიმე მატჩი თავდამსხმელების უკანაც ვითამაშე. ვნახოთ.
- საინტერესოა, თავის დროზე "ტორპედოდან" რატომ წახვედით?
- კონტრაქტი მალე მიმთავრდებოდა. მართალია, "ტორპედოს" სურდა ჩემი შენარჩუნება, მაგრამ მაინც თბილისის "დინამოში" გადასვლა ვარჩიე. ვფიქრობდი, რომ "დინამოში" გადასვლა კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და იქ უფრო გამოვჩნდებოდი.
- ნანობთ, "ტორპედოში" რომ არ დარჩით?
- არცერთ ნაბიჯს არ ვნანობ. ეტყობა, იმ დროს ასე იყო საჭირო. "ტორპედოში" გატარებული პერიოდი საუკეთესო იყო კარიერაში და ვემადლიერები გია გეგუჩაძეს, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. მას საქართველოს ჩემპოიონატში საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ. რაც შეეხება "დინამოს", აშკარაა, რომ იქ შანსი არ მომცემია. ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ ჩამიტარებია. "დინამოზე" ნაწყენი?.. ვერ გეტყვით. ფეხბურთელის ცხოვრებაში ხდება ასეთი მომენტები და მთავარია, ამან არ გაგტეხოს.
- ცოტა უკან დავბრუნდეთ. ჰერბერტ ცანკერს საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 17-წლამდელთა ნაკრები ჰყავდა, სადაც კაპიტანი იყავით. იქ თამაშობდნენ ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე, გიორგი მაკარიძე, ზაქარია ბეგლარიშვილი და სხვები. ყენიასა და მჭედლიძისგან განსხვავებით, თქვენ სწრაფი პროგრესი არ გქონიათ და რატომ? იყო რაიმე შემაფერხებელი?
- ის გუნდი ყოველთვის კარგად მახსენდება. შემაფერხებელი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ყენია და მჭედლიძე მალე წავიდნენ წინ, მე კი ნელ-ნელა მივიწევ.
- 21-წლამდელთა ნაკრებში ხორვატიასთან სტუმრად 1:0 მოიგეთ და გოლი თქვენ გაიტანეთ. იმ მატჩს საუკეთესოდ მიიჩნევთ კარიერაში?
- დიახ. თანაც, ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყო 21-წლამდელებში. ხალხმა უფრო მეტად გამიცნო.

 

0.132893