ფეხბურთი

17:20 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე სტეფნიაშვილი: “მოლდოვისა და საქართველოს ჩემპიონატები თანაბარი დონისაა”

21 წლის ნახევარმცველი თორნიკე სტეფნიაშვილი მოლდოვის “ზიმბრუში” აღარ ირიცხება და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს, თუმცა სად, ეს ჯერ უცნობია. სტეფნიაშვილი 2011 წლიდან ირიცხებოდა კიშინიოვის გუნდში. როგორი საფეხბურთო სიტუაციაა მოლდოვაში, რა განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონატისგან – ამის შესახებ “მსოფლიო სპორტი” სტეფნიაშვილს ესაუბრა. ცნობისთვის, სტეფნიაშვილი რამდენჯერმე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც იყო გამოძახებული:

-       ახლა თბილისში ვარ, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. უცხოური გუნდის ორი ვარიანტი მაქვს და წესით, მალე უნდა გადაწყდეს. ასევე, საქართველოს ორი-სამი გუნდისგან მაქვს წინადადებები, მაგრამ ჯერ უცხოეთის გუნდებს ველოდები.

-       უცხოეთში, კონკრეტულად, სად?

-       ჯერ ვერ დავასახელებ. როცა გადაწყდება ჩემი იქ წასვლა, შეგატყობინებთ.

-       მოლდოვაზე უკეთეს ჩემპიონატებზეა საუბარი?

-       დიახ. “ზიმბრუსთან” კონტრაქტი დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი ვარ. დღეს გათავისუფლების ფურცელს ველი. ისე, “ზიმბრუში” დარჩენა შემეძლო, ერთი წლით გახანგრძლივება შემომთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ, ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტეთ კონტრაქტი. ხელფასიდან ფულს აჭრიდნენ, ან აგვიანებდნენ. როცა ასეთი სიტუაციაა, სჯობს, სხვაგან გადახვიდე. პერსპექტივაც უკვე აღარ იყო.

-       ისე, მოლდოვაში სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი კლუბები არსებობს?

-       არა. ყველა კლუბი კერძოა.

-       სათამაშო დონით, მოლდოვისა და საქართველოს ჩემპიონატებს როგორ შეადარებდით?

-       რომ ვთქვა, რომელიმე სჯობს-მეთქი, გამიჭირდება. თანაბარი დონისაა. მოლდოვაში “შერიფი” ცალკე დგას, ყველაზე დიდი ფინანსები აქვს და საუკეთესო გუნდია. “მილსამის”, “ტირასპოლს”, ‘ზიმბრუსა” და “დაჩიას” ამხელა შესაძლებლობები არ აქვთ, უბრალოდ, დანარჩენ უმაღლესლიგელებს სჯობნიან. სათამაშო სტილს რაც შეეხება, საქართველოში ტექნიკური ფეხბურთია, მოლდოვაში კი ფიზიკური ორთაბრძოლები უფრო მეტია და იქ თუ ფიზიკურობასთან ერთად ტექნიკაც კარგი გაქვს, უკვე ჩანხარ.

0.114789