ფეხბურთი

18:07 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე სტეფნიაშვილი: “მოლდოვის ჩემპიონატი კარგი ტრამპლინია”

გასული სეზონის მეორე ნახევარში მოლდოვურ “ზიმბრუში” სამი ქართველი თამაშობდა: მცველი ბაქარ მირცხულავა, ნახევარმცველი თორნიკე სტეფნიაშვილი და ფორვარდი კონსტანტინე გაბაშვილი. როგორც შევიტყვეთ, გუნდიდან 19 ფეხბურთელი გაუშვეს და ქართველებიდან მომდევნო სეზონში მხოლოდ სტეფნიაშვილი დარჩება.

სტეფნიაშვილი 20 წლისაა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გახლავთ. საერთოდ, საინტერესოა, როგორია მოლდოვის ჩემპიონატი ქართველის თვალით, სადაც არცთუ იშვიათად მიდიან ჩვენები.

-       მეექვსე ადგილზე გავედით, რაც ყველამ უარყოფითად მიიღო. დედაქალაქის გუნდისთვის, რომელიც ერთ დროს მოლდოვაში საუკეთესო იყო და ჩემპიონი ხდებოდა, ეს დიდი წარუმატებლობა გამოდგა. 19 ფეხბურთელს უშვებენ და ახალ გუნდს აწყობენო, ყველამ ვიცოდით და მეც მეგონა, რომ გაშვებულთა სიაში ვიქნებოდი. დავიწყე კიდეც კლუბის ძებნა, მაგრამ რამდენიმე დღეში დამირეკა კლუბის გენერალურმა დირექტორმა და მითხრა, ახალ მწვრთნელ კლეშჩენკოს მოსწონხარ და გვინდა, რომ დარჩეო. 1 წელი კიდევ მაქვს კონტრაქტი და დავრჩი. 

-       11 მატჩი, 2 გოლი – ასეთია თქვენი სტატისტიკა სეზონში. რა პოზიციაზე გაყენებდნენ?

-       უფრო გამთამაშებლად. ამას გარდა, 3 საგოლე პასიც გავაკეთე. II წრე კარგად ჩავატარე, მანამდე კი, რამდენიმე თვე დუბლებში ვიყავი. 

-       როგორია მოლდოვის ჩემპიონატი სათამაშო დონის თვალსაზრისით? 

-       რა თქმა უნდა, აქაც არიან სუსტი გუნდები, მაგრამ “დაჩია” და განსაკუთრებით “შერიფი” ძლიერი გუნდები არიან. არ დავიწყებ საქართველოს კლუბებთან შედარებას. რომ ვთქვა, საქართველო ნამდვილად სჯობს, ან პირიქით მოლდოვა სჯობს მეთქი, ზეპირად ლაპარაკი გამომივა. თუმცა, მოლდოვის ჩემპიონატი კარგი ტრამპლინია, მეც ამიტომ ვარ “ზიმბრუში”.

-       ანუ, მენეჯერების მხრიდან ყურადღება არის?

-       რა თქმა უნდა. ეს საკმაოდ იგრძნობა. ოდესის “ჩერნომორეცის” ვარიანტი გამომიჩნდა, მაგრამ ჯერ ერთი, “ზიმბრუმ” უარი თქვა გაშვებაზე და მეორეც, დიდად არც მე მოვინდომე. არ მინდა, გაქცევა გამომივიდეს, “ზიმბრუში” კარგი თვალით მიყურებენ, ახალგაზრდა ვარ და 1 წელი კიდევ ვითამაშებ.

-       საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც ნათამაშები გაქვთ...

-       ბოლოს დანიასთან ვითამაშე ამხანაგურში, რომელიც თბილისში წავაგეთ. წლეულს ავსტრიაში შეკრება ჰქონდა ნაკრებს, მაგრამ ვერ ვითამაშებდი: იმ პერიოდში ტრავმა მქონდა.

 

0.121518