კალათბურთი

16:57 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას “კახა ლაბორალი” ეპატიჟება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშოს. ესპანური Gigantes.com-ის ცნობით, ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი “კახა ლაბორალი” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს “ბრუკლინ ნეთსთან” ქართველის დათმობის შესახებ.

ქართველმა ფორვარდმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასულ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 1.6 ქულას და 1.2 მოხსნას აგროვებდა. იმის გათვალისწინებით, რომ “თოკოს” კონკურენტები ისეთი ვარსკვლავები არიან, როგორებიც ჯერი სტეკჰაუზი, ანდრეი კირილენკო, მირზა ტელეტოვიჩი, რეჯი ევანსი, პოლ პირსი და კევინ გარნეტი არიან, იგი დიდ სათამაშო დროს არც მომდევნო სეზონში უნდა ელოდოს.

ბასკური კლუბის იმედებიც სწორედ ამ ფაქტორს ეფუძნება. “კახა ლაბორალი” ესპანეთის ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ევროლიგის გათამაშებაშიც ჩაებმება, სადაც D ჯგუფში მეტოქეებად სერბული “ცრვენა ზვეზდა”, რუსული “ლოკომოტივ-ყუბანი”, ბერძნული “პანათინაიკოსი”, ებრაული “მაკაბი” და კვალიფიკაციის გამარჯვებული ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ შენგელიამ მარცხენა მუხლზე მენისკის ოპერაცია გადაიტანა და ვარჯიშს მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში დაუბრუნდება. ამგვარად, იგი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარება, არადა, შესარჩევ ციკლში საშუალოდ 13.7 ქულას, 7.6 მოხსნას, 1.7 ჩაჭრას, 1.6 პასს და 1.1 დაფარებას აგროვებდა.

0.136964