როგორც არაერთხელ დაგვიწერია, საქართველოს ნაკრების 22 წლის კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანურ “ლაბორალ კუჩაში” ჩაირიცხა და მომავალ სეზონში ACB-ლიგის გარდა, ევროლიგაში ითამაშებს.
უახლოეს დღეებში შენგელია ეროვნული გუნდის შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს და 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას დაიწყებს, აგვისტოს ბოლოს კი, როდესაც საკვალიფიკაციო შეხვედრები დასრულდება, ბასკური კლუბს მიაშურებს.
მანამდე, შენგელიასთან ინტერვიუ “ლაბორალ კუჩას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
- მომავალი სეზონისთვის გუნდის პირველი ახალწვეული ხართ. თავს როგორ გრძნობთ?
- გუნდთან ერთად ყოფნის დიდი სურვილი მაქვს. ვიცი, რომ “ლაბორალ კუჩას” დიდი ისტორია გააჩნია. მოხარული, რომ ამ კლუბის წევრი გავხდი.
- საკმაოდ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე მოასწარით თამაში ესპანეთის ჩემპიონატში, ევროლიგაში, დ-ლიგასა და ნბა-ში. მსოფლიოს უძლიერეს ლიგაზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- ნბა-ში დიდი სათამაშო დრო არ მქონია, თუმცა, უდიდესი გამოცდილება მივიღე. მე ხომ ისეთი კალათბურთელების მხარდამხარ გარჯა მიწევდა, როგორებიც კევინ გარნეტი, დერონ უილიამსი, ჯო ჯონსონი და პოლ პირსი არიან. ასეთი კალათბურთელების გვერდით ყოველდღიურად რაღაცას ვსწავლობდი. ვეცდები, ის ნიუანსები, რაც ნბა-ში შევისწავლე, მთელი კარიერის განმავლობაში გამოვიყენო.
- ევროპაში იმ იმედით დაბრუნდით, რომ საკუთარი პოტენციალი სრულად წარმოაჩინოთ?
- თამაშის დროა. აშშ-ში გატარებული 2 წლის შემდეგ, მინდა ძალები მსოფლიოს რანგით მე-2 ლიგაში მოვსინჯო, თანაც, ისეთ დიდებულ გუნდში, როგორიც ”ლაბორალ კუჩაა”. ყველგან მაქსიმალურად ვიხარჯებოდი და ბასკური კლუბის მაისურის მორგებასაც მოუთნლად ველი, რათა საკუთარი შესაძლებლობები ვაჩვენო.
- ისინი, ვისაც თქვენი თამაში უნახავს, უნივერსალურ მოთამაშედ გახასიათებენ. თავად როგორ თვლით, “ლაბორალ კუჩასთვის” რისი შემატება შეგიძლიათ?
- ვცდილობ, თანაგუნდელებს მაქსიმალურად დავეხმარო, როგორც დაცვაში, ასევე – შეტევაში. მნიშვნელობა არა აქვს, მეტოქე სუსტია თუ ძლიერი, ყველა მატჩში ბოლომე ვიბრძვი. მოკლედ, რომ ვთქვა, გუნდური მოთამაშე ვარ.
- თქვენს შესახებ მოგვიყევით. ჰობი თუ გაქვთ?
- მართალია გითხრათ, ახლა, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. უახლოეს პერიოდში ვაჟი უნდა შემეძინოს და ცხადია, მთელ თავისუფალ დროს მას დავუთმობ.
- ბასკი ქომაგებისგან რას ელით?
- ვიცი, რომ ისინი კალათბურთში ჩინებულად ერკვევიან. როდესაც “ლაბორალ კუჩა” შინ ასპარეზობს, გულშემატკივრები მე-6 მოთამაშის როლს ასრულებენ. ასეთი მხარდაჭერის ფონზე, შეუძლებელია, გამარჯვებისთვის მაქსიმუმი არ გაიღო.
http://www.youtube.com/watch?v=AOnjw5Qq79E