31 მაისის გვიანი ღამით სტამბოლის აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში შემთხვევით შევხვდი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრს, ნბა-ში მოთამაშე თორნიკე შენგელიას. ის ნიუ იორკიდან თბილისში ბრუნდებოდა და აშკარად დაღლილი ჩანდა, რადგან თვითმფრინავს ნიუ იორკიდან სტამბოლში დაუგვიანებია ორი საათი და ამიტომ მგზავრებმა აშშ-დან ვერ მოახერხეს დღის რეისით თბილისში გაფრენა. მათ 10-საათიანი ლოდინი მოუხდათ სტამბოლში, სანამ არ მოვიდა შემდეგი რეისის დრო. თორნიკეს გასული წლის ივლის-აგვისტოდან ვიცნობ პირადად, როცა საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ტალინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე და შემდეგ, ჰოლანდიის ქალაქ ალმერეში გამართულ ჰოლანდია-საქართველოს მატჩებზე ვიყავი და იქიდან ვაშუქებდი იმ შეხვედრებს ქართულ და უცხოურ მედიაში. რადგან თორნიკე ძალიან გადაღლილი იყო, მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ და ზედმეტი კითხვებით არ დავტვირთე.
- აშშ-ში თუ მიეჩვიეთ ცხოვრებას და როგორ აფასებთ პირველ სეზონს ამერიკაში?
- სიმართლე გითხრათ, ძალიან მომენატრა საქართველო, თბილისი, შემოდგომიდან არ ვყოფილვარ სამშობლოში. ნბა-ში ჩემს პირველ სეზონს საერთო ჯამში დადებითად ვაფასებ, თუმცა ადაპტაციის პერიოდი და მით უმეტეს სულ ახალ პირობებში და ახალ დონეზე იოლი არასოდესაა.
- ახლა დაისვენებთ თუ ივარჯიშებთ?
- დასვენების დრო არ არის, თბილისში ჯერ ინდივიდუალურად ვივარჯიშებ, მერე კი, ნაკრებთან ერთად - საქართველოში და საზვარგარეთ. ივლის-აგვისტოში სპარინგმატჩები გვექნება და ეს ინტერნსიურ ვარჯიშებთან ერთად მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ სლოვენიური ევრობასკეტისთვის. ძლიერ ჯგუფში ვართ - ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, ზემოდან პოლონეთს და ჩეხეთსაც არ უნდა ვუყუროთ. ვიცი ჩვენი გუნდის განწყობა - ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაქსიმალურად დავიხარჯებით და შევეცდებით, ჯგუფიდან გავიდეთ.
- თქვენი აზრით, გვაქვს შანსი იმისა, რომ ევრობასკეტზე ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გავიდეთ?
- შანსი ყოველთვისაა. ძლიერი მეტოქეები გვყავს ჯგუფში, მაგრამ არსებობს შანსი ის ადგილი დავიკავოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას წინ წავიწიოთ. ვეცდებით გავახაროთ საქართველო და ჩვენი ქომაგები ევროპაში. ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუძლებელი.
- ჩემი ნაცნობი ქართველები - აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც უკვე დიდი ხანია სერბეთში, ხორვატიასა და ჩეხეთში ცხოვრობენ, სლოვენიაში ჩასვლას აპირებენ, რათა იქ უქომაგონ ნაკრებს. საკუთრივ საქართველოდანაც ქომაგთა ჯგუფი აპირებს წასვლას სლოვენიაში. როგორც ჟურნალისტმა, ერთი კვირის წინ ოფიცილაურად მივიღე ფიბას აკრედიტაცია ევრობასკეტზე, ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავალ სლოვენიაში და შესძლებისგვარად დავეხმარები ქომაგებს, იქ საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად ფონი შევმქნა. თორნიკე! სიმართლე მითხარით: პირადად თქვენთვის აქვს თუ არა ქომაგების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა თამაშის დროს, თუ ეს არ არის გადამწყვეტი და ეს თამაშის ხასიათზე დიდ გავლენას არ ახდენს? ზოგი კალათბურთელი ამას არ აქცევს ყურადღებას, ბევრისთვის კი ქომაგების მხარაჭერას ან მეტოქე გუნდის ფანების აქტიურობას აქვს სერიოზული მნიშვნელობა - დადებითი ან უარყოფითი...
- ტრიბუნებიდან ქომაგების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. რასაკვიველია, თამაშს იგებენ კალათბურთელები, მაგრამ ქომაგების აქტიურობას უაღრესად დიდი გავლენაა აქვს ბიჭების განწყობაზე შეხვედრის მიმდინარეობისას და განსკუთრებით გადამწყვეტ მომენტებში. კარგი ქნება, თუ სლოვენიაში ქართველი ქომაგების ნაწილი იქნება - მათ რაოდენობაში კი არ არის საქმე, არამედ მთავარია მათი აქტიურობა ტრიბუნებზე. დამერწმუნეთ, რომ მაყურებელს დიდი გავლენა აქვს კალათბურთელებზე თამაშის დროს. ამიტომ ძალიან გაგვიხარდება ქართველი ქომაგების გამოჩენა და მხარდაჭერა სლოვენიაში.
სტამბოლის აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში თორნიკესთან საუბრის დროს გამოჩნდა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი რომან რურუა, რომელიც თურქეთში მნიშვნელოვან საქმეებზე იმყოფებოდა. ისიც თბილისში ბრუნდებოდა. მას ხუმრობით ვუთხარი: "ასრულდა თქვენი ოცნება, ბატონო რომან, თორნიკეს გაგაცნობთ ახლა". ბატონმა რომანმა ასევე იუმორით მიპასუხა: "რით გადაგიხადო ჩემი ოცნების ასრულებისთვისო?" და საერთო ფოტოს გადაღების შემდეგ ხუმრობით თქვა: არ მეგონა, თორნიკე ასეთი მაღალი ბიჭი თუ იყო და მე ასეთი პატარა ვიყავიო.
ბატონმა რომანმა დიდი სიმპათიები გამოხატა თორნიკესა და საქართველოს ნაკრების მიმართ, წარმატებები უსურვა მას და ნაკრებს ევრობასკეტზე სლოვენიაში.
თენგიზ პაჭკორია, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები
გადაღებულია 1 ივნისს ღამით სტამბოლის აეროპორტში