ინტერვიუები

18:28 | 18.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის არჩევანი - “ილიჩევეცი” “შახტარის” ნაცვლად

საქართველოს თასის მფლობელმა ს/კ ”გაგრამ” საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ამ კლუბის საკუთრებაში იყო, დონეცკის ”შახტარმა” 5 წლით გადაიბირა. კლუბებს შორის ხელშეკრულების გარდა, მოგვარებულია ფეხბურთელსა და უკრაინულ გრანდს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები.
”მსოფლიო სპორტი” თორნიკე ოქრიაშვილს ტელეფონით მარიუპოლში დაუკავშირდა, სადაც დონეცკური კლუბის მესვეურებმა იგი უახლოესი 6 თვით იქაურ ”ილიჩევეცში” გაანათხოვრეს.   
- თორნიკე, როგორც გავიგეთ, ”გაგრასთან” მოგონებების გარდა აღარაფერი” გაკავშირებთ. ”შახტართან” ხუთწლიანი კონტრაქტი მოსალოცი ამბავია.
- გმადლობთ. მოხარული ვარ, რომ ასე მოხდა. პროფესიული წინსვლისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”შახტარი” ისევ მარიუპოლში გაგანათხოვრებთ.
- მართალია. მითხრეს, რომ კიდევ მჭირდება აქაურ დატვირთვებთან შეგუება და სათამაშო პრაქტიკის თვალსაზრისით, ჩემთვის აჯობებს, რომ ამ წლის ბოლომდე კვლავ მარიუპოლის ”ილიჩევეცში” ვითამაშო. შემდეგ ისევ ”შახტარში” დავბრუნდები და მაშინ გადაწყვეტს ჩემი გუნდი, თუ სად ვიქნები უახლოეს მომავალში.
- ”შახტარს” იურიდიულად კი ეკუთვნით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ სად გიწევთ რეალურად თამაში, ჯერ არაფერი შეცვლილა - ”ილიჩევეციც” ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და ”გაგრაც” ასე იყო თქვენი იქ თამაშისას.
- (იცინის) ”გაგრიდან” ”გაგრაში” გადმოვედი ხომ? ერთის მხრივ, მართალს ბრძანებთ. ჩემი ხასიათის თამაშს აქ ვერ ვაჩვენებ - სულ დაცვაში ვართ და იქნებ კონტრშეტევაზე მოვახერხოთ რამე. რომ იტყვიან, შეტევაში თამაში მომენატრა - ბოლო თამაშები ”საყრდენად” მიწევს თამაში, რაც ჩემთვის ცოტათი მიუღებელია. თუმცა, ფეხბურთელი ვარ და გუნდის ინტერესებისთვის როგორც აჯობებს, ისე უნდა ვითამაშო.
- როგორც ვიცით, საქართველოშიც საყრდენ ნახევარმცველად თამაში გიწევდათ და უკანდაწეული ფორვარდის ამპლუა პირველად ვლადიმერ გუცაევმა მოგანდოთ.
- მართალია, პირველად სწორედ გუცაევმა წამწია წინ. ეს პორტუგალიაში მოხდა, როცა 19-წლამდელების საერთაშორისო ტურნირზე ვთამაშობდით.      
- შარშან, როცა ”გაგრიდან” ”შახტარში” გაგანათხოვრეს, გუნდში უფრო დიდხანს მოგიწიათ დარჩენა. ახლა კი, გუნდმა დაუფიქრებლად დაგაბრუნათ იქ, სადაც იყავით. თუ სხვა არჩევანიც გქონდათ?
- არჩევანი მქონდა, მაგრამ ”შახტართან” ერთად შეკრებაზე გამგზავრებას, უკან დაბრუნებას და შემდეგ ”ილიჩევეცში” წასვლას, მერჩივნა, რომ ახალ თანაგუნდელებთან უკეთ შეთამაშების მიზნით, ახლავე მათთან დავრჩენილიყავი.
- ”ილიჩევეცს” ახალი სეზონისწინა მიზნები აქვს, თუ ისევ ადგილის შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლოთ?
- საკმაოდ კარგი ფეხბურთელები დაიმატეს და უფრო ამბიციური მიზნები გვექნება. როგორც ამბობენ, პირველ ხუთეულში ადგილის დამკვიდრებას ისახავენ მიზნად.
- თვლით თუ არა, რომ ”გაგრა” ბოლო ქართული კლუბი იქნება, სადაც თამაში მოგიწიათ? ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ძალიან ცუდად უნდა ითამაშოთ და მოიქცეთ, რომ უახლოეს ათ წელიწადში, საქართველოში ფეხბურთის სათამაშოდ დაბრუნდეთ.
- სად უნდა დავბრუნდე და ვითამაშო? როცა ძალიან კარგ პირობებში ხარ და კიდევ უკეთესი პერსპექტივა გაქვს, იქ დაბრუნება, სადაც ახლა იწყება პირობების გაუმჯობესება, ვთვლი, რომ ნაბიჯის უკან გადადგმა იქნება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოშიც იყოს ისეთი პირობები, როგორიც აქაა, მაგრამ ჯერჯერობით, ძალიან ჩამოვრჩებით.
- სეზონის ბოლოს საზარდულმა შეგაწუხათ და არაერთი მატჩის გამოტოვება მოგიწიათ.
- არჩევანის წინაშე ვიყავი - ან უნდა დამესვენა, ან ოპერაციისთვის მოვმზადებულიყავი. ბოლო ტურში, როცა კიევის ”დინამოს” გადამწყვეტ შეხვედრას ვეთამაშებოდით, გამაყუჩებლები გამიკეთეს და ისე ვითამაშე.
- თორნიკე, გასაგებია, რომ იმ მატჩის მოგება თქვენ უფრო გინდოდათ, ვიდრე უმოტივაციო ”დინამოს”. რამე მითქმა-მოთქმა არ გამოუწვევია მის საბოლოო შედეგს? იოლი საქმე არაა, აუტსაიდერმა გრანდთან პირველი ტაიმის 0:2-ზე წაგების შემდეგ, 3 გოლი გაიტანოს და მოიგოს.
- დღემდე არ მჯერა, რომ ის მატჩი მოვიგეთ. ალბათ, კიეველთა უმოტივაციობის ბრალიც იყო და კიდევ იმის, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გაიღო, რათა მოეგო და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა.
- ხორვატიასთან ახალგაზრდულ ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდით. არადა, ”ილიჩევეცის” მწვრთნელმა, მორჩენილი საზარდულით კიეველებთან   გათამაშათ.
- როგორც ვთქვი, ის მატჩი გამაყუჩებლებით ვითამაშე. მას შემდეგ საზარდული ძალიან ამტკივდა და რომ არ დამესვენა, შესაძლოა, ახლა თამაში კი არა, გადაადგილება გამჭირვებოდა. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი რიგზეა, 20 ივნისს გუნდთან ერთად ხორვატიაში მივფრინავ, სადაც შეკრებას გავივლით. იმედი მაქვს, მომავალი მატჩისთვის, რომელიც ესპანეთს თბილისში უნდა ვეთამაშოთ, კარგ ფორმაში ვიქნები და თუ მწვრთნელები ჩათვლიან საჭიროდ, ნაკრებს მეც დავეხმარები.
- კარგი დასაწყისის შემდეგ, ჩვენი ნაკრების შანსები გაიზარდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს შანსები ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საკმარისია?
- მგონია, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ და ესპანეთი გავალთ.
 

 

ფრიდონ კერვალიშვილი
 

0.116548