ინტერვიუები

15:35 | 8.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: “გურულისა და მისი პარტნიორების გაკვირვებას შევძლებთ”

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, მარიუპოლის “ილიჩევეცის” შემადგენლობაში, უკრაინის პრემიერლიგის მორიგ ტურში ლვოვის “კარპატის” წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება. კვირას გასამართ მატჩამდე, მარიუპოლელთა ლეგიონერი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ესაუბრა.
- “ილიჩევეცის” შემადგენლობას დონეცკის “შახტართან” გასამართი მატჩის წინა დღეს დაუბრუნდი. ამის საპატიო მიზეზი გქონდა – საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იყავი გამოძახებული...
- ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ავსტრიაში გასამართი ტურნირისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს. ორი მატჩი ჩავატარე – ისრაელთან (0:2) და ალბანეთთან (1:3). ჩვენ ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ შეკრებაზე მთავარი მწვრთნელი, ოთარ გაბელია ყველა უძლიერეს ფეხბურთელს გამოიძახებს. მიხარია, რომ ამ სიაში მოვხვდები. ტურნირის დასრულების შემდეგ. მწვრთნელმა მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს.  
- ტურნირზე ჩატარებულ შეხვედრებში რომელ პოზიციაზე ითამაშე?
- პირველ მატჩში, გაბელიამ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დამაყენა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ამ პოზიციაზე არ მითამაშია, გაბელიას ჩემი თამაში მოეწონა და მომავალში ალბათ, “საყრდენად” ვიასპარეზებ. მეორე შეხვედრაში უკვე შემტევი ნახევარმცველის ადგილზე ვირჯებოდი.    
- კვირას “ილიჩევეცს” ლვოვში არც თუ ადვილი თამაში ელის. როგორ ემზადება გუნდი? როგორი განწყობაა?
- მომავალი თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით. განწყობა საბრძოლოა. ყველა ფეხბურთელს ესმის, რომ სატურნირო მდგომარეობა “ილიჩევეცს” თითოეულ მატჩში გამარჯვებისკენ უბიძგებს. უკან დასახევი გზა არ გვაქვს – გუნდის ყველა ფეხბურთელს პრემიერლიგაში დარჩენა სურს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა.
- “კარპატის” ფეხბურთელებიდან ვის იცნობ?
- სანდრო გურული ჩემი მეგობარია. ორიოდე დღის წინ ტელეფონით ვისაუბრეთ მომავალი მატჩის თაობაზე. სანდრომ მითხრა, რომ “კარპატი” მოიგებს და ჩვენ შანსი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამის შესახებ მე სხვა აზრი მაქვს. ცხადია, ლვოველები კარგ თამაშს აჩვენებენ, მაგრამ ჩემი გუნდის მჯერა. ვფიქრობ, რომ გურულისა და მისი პარტნიორების გაკვირვებას შევძლებთ.  

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.122188