უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის 21-ე ტურში, კიევის “არსენალის” კარში ორი გოლის გამტანმა თორნიკე ოქრიაშვილმა ინტერნეტგამოცემა terrikon.com-თან საუბარში აღნიშნა, რომ “მეთოფეები” “მისი” გუნდია.
თორნიკე ოქრიაშვილი: “საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში 2 გოლი გამიტანია, მაგრამ არა უკრაინის პრემიერლიგაში. საერთოდ, აქამდე უკრაინის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი მქონდა გატანილი, ისიც პირველ წრეში “არსენალისთვის”, ხოლო ამჯერად დუბლი შევასრულე. ასე რომ, “არსენალი” “ჩემი” გუნდია. მთავარი ეს არ არის, მთავარია, რომ “ილიჩივეცმა” გაიმარჯვა. ჩვენ მე-6 ადგილზე ვართ. წინ სანაკრებო მატჩებია, ხოლო შემდეგ ვნახავთ რა, იქნება”.
- არადა, ჰეთ-თრიქის შესრულება შეგეძლო...
- დიახ, იყო ასეთი მომენტი. შევჩუკმა დამიძახა, რომ ბურთი გამეტარებინა, ხოლო მას დარტყმა არ გამოუვიდა. მეც შემეძლო დარტყმა, მაგრამ იმ მომენტში ჰეთ-თრიქზე არ ვფიქრობდი. მთავარი იყო მოგვეგო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ გაიტანდა.
- პენალტის დარტყმა თავად მოინდომე? თუ გუნდში წინასწარაა განსაზღვრული, პენალტი ვინ უნდა დაარტყას?
- მე მოვინდომე. ვინც თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს, ის ურტყამს. ვფიქრობ, მოედანზე ჩვენი შტატიანი პენალტისტი კოსტია იაროშენკო რომ ყოფილიყო, ის დაარტყამდა. იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ამიტომ, პენალტი მე შევასრულე. კარგია, რომ გავიტანე.
- პირველი გატანილი გოლის შემდეგ, საკუთარ ნახევარზე სპეციალურად “ჩაჯექით”?
- პირიქით, გვსურდა, შეტევები გაგვეგრძელებინა. თუმცა, ისე მოხდა, რომ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, გოლი მეტოქემ გაგვიტანა. მოწინააღმდეგეს გაუმართლა, რომ ჩვენი კარის შორეულ ძელთან დაზღვევაზე არავინ იდგა. მეც გამიმართლა, როდესაც მეორე შანსი მომეცა, გოლი გავიტანე და გავიმარჯვეთ.