ბოლო ერთი კვირაა, ვისაც კი არ ეზარება, ყველა ფერნანდო ტორესის “მოღალატეობაზე” და შადიმან ბარათაშვილობაზე ლაპარაკობს. მნიშვნელობა არა აქვს, კაცი “ლივერპულის” ქომაგია თუ არა, თავს მაინც მოვალედ რაცხს, რომ ზეშთაგონებული სახით შემოგჩივლოს: “ნახე, რა იკადრა ტორესმა? მე ეგ კაცი მეგონა და ბილწსიტყვაობის ობიექტი ყოფილაო”. რომც მოვინდომო, მაინც არ გამომივა ტყუილის თქმა და ვერ დავიჩემებ, რომ ტორესის “ჩელსიში” გადასვლამ აღმაფრთოვანა და გამახარა. ბევრის მსგავსად, მეც ალმაცერად ვუცქერი რუსული მილიონებით წელგამართული “ჩელსის” “გრანდობას” და თუკი პრემიერლიგაში ვინმეს წარმატება არ მახარებს, მომიტევონ “ლურჯების” ქართველმა გულშემატკივრებმა და ეს უპირველესად, სწორედ “ჩელსია”. მაგრამ ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომაა მოღალატე ტორესი, როდესაც მის ადგილზე, არაერთი ფეხბურთელი სწორედ იგივე ნაბიჯს გადადგამდა, აქამდეც არაერთს გადაუდგამს და ამას ასეთი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.
ტორესის “ლივერპულიდან” “ჩელსიში” გადაბარგება ერთი რიგითი, ზამთრის სატრანსფერო სეზონის ბოლო აკორდი იქნებოდა, მედიას რომ არ გაებუქებინა და “გაეყვითლებინა” ეს ამბავი. ლივერპულელთა ყმაწვილმა ქომაგებმა თუ სადღაც ტორესის ძველი მაისური დაწვეს, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან აქამდე მაისურების დაწვაც ბევრი გვინახავს და უარესებიც...
ჭეშმარიტად საზარელი უმადურობა იყო, როდესაც თუნდაც ერთ სკუდეტოს აღებაზე მეოცნებე, “რომაში” გადაბარგებული გაბრიელ ბატისტუტას ძეგლი, ფლორენციელი ქომაგების ნაწილმა აიღო და მის კვარცხლბეკზე უხამსი სიტყვები წააწერა. თუკი ტორესი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, “ლივერპულში” მისი გარჯა რას მივა, ფლორენციული კლუბისათვის ბატისტუტას დაღვრილ ოფლთან, მაგრამ ბატი-გოლის ძეგლის ამბავი არც მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების ცენტრში მოხვედრილა და ზოგიერთ გულშემატკივარს ალბათ დღემდე არც კი გაუგია. ხოლო, როდესაც ადამიანს აჟიოტაჟის ატეხვა გსურს, ერთი დამწვარი მაისურითაც კი შეიძლება დიდი ამბავი ააგორო. ყველაფერი ხომ მონდომების საქმეა...
და მაინც, რატომ არის “ჩელსიში” გადასული ტორესი მოღალატე? დავიწყოთ იმით, რომ ტორესი სტივენ ჯერარდის დარად, არასოდეს ყოფილა სისხლხორცეულად “ლივერპულელი”, ეს დაბადებიდან მადრიდელი კაცი, “წითლებში” ახალი ტიტულების მოსაპოვებლად გადავიდა და ტორესს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ იმას, რომ ლივერპულული კლუბის ხელმძღვანელებმა, ეს დიდებული კლუბი საშინელ დღეში ჩააგდეს და ჩემპიონობას ვინ ჩივის, “ლივერპულს” ხშირად ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოხვედრაც კი რთულ ამოცანად ექცა. განა, სულ ერთი არ იყო ტორესისთვის, თავის დროზე ესპანეთიდან რომელ ინგლისურ გუნდში გადავიდოდა?! მე თქვენ გეტყვით და, ქართველებივით ბოღმა ექნებოდა პუტინის ძმაკაც აბრამოვიჩისადმი. ჰოდა, იწვალა, იჯახირა, სათადარიგოთა სკამიც გვარიანად ცვითა და არც ლაზარეთის კედლები ყოფილა ტორესისათვის უცხო. ბოლოს კი, გამოჩნდა ტიტულის მოპოვების მშვენიერი შანსი “ჩელსის” სახით, დაჰკრა ფეხი და ლონდონში მოადინა ბრაგვანი. და ეს დანაშაულია?
მოდით, ცოტა ხნით შევყვეთ ოცნებებს და წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი, ვთქვათ ჯანო ანანიძე (ღმერთმა ქნას!) ერთ მშვენიერ დღეს, გადავიდა არც მეტი, არც ნაკლები – “ბარსელონაში”! ერთი წლის შემდეგ კი, უფრო კარგი შეთავაზება მიუვიდა მადრიდის “რეალისგან” და დაუფიქრებლად გადაბარგდა მადრიდში. ახლა მითხარით, რომელიმე ქართველი თუ არაქართველი “ბარსას” ქომაგისაგან ანანიძეზე აუგი რომ მოისმინოთ, არ გაბრაზდებით? არ ეტყვით, რომ ანანიძე ქართველია და “ჯვარი არ დაუწერია” არც ერთ ევროპულ კლუბზეო?!..
სულ მარტივადაა ყველაფერი, თუკი არ გავაბუქებთ და არ დავიწყებთ მტრებისა და აჩრდილების ძებნას. მით უმეტეს, ტორესი სულაც არა ჰგავს აჩრდილს. ანანიძე მით უმეტეს...…
ლევან სეფისკვერაძე